თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. რუსეთ-სომხეთის გაზსადენის საქართველოზე გამავალ მონაკვეთზე ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულ პირთაგან ერთ-ერთის, ვლადიმერ რუხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, 18 დღიანი შიმშილობის შემდეგ, გაუარესდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия ადვოკატ ნინო მახარაძეზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ: საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა 22 აგვისტოს საზოგადოებას აუწყა, რომ ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებული საქმე გახსნილია და შვიდი პირი — დაკავებული, მათ შორის, პოლიციელიც.
„(ვლადიმერ რუხაძე) მხვდება, მელაპარაკება, მაგრამ სუსტადაა. წნევა დაუვარდა. ხანდახან გადასხმას უკეთებენ. მან შიმშილობა 23 აგვისტოს დაიწყო. ის არ აღიარებს ბრალს და ამბობს, იმას მაბრალებენ, რაც არ გამიკეთებიაო“, — განუცხადა სააგენტოს ადვოკატმა.
ნინო მახარაძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების თაობაზე 23 აგვისტოს გაასაჩივრა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ განიხილა.
ახლა ადვოკატი მახარაძე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩვენ ვამზადებთ სარჩელს, რომელიც წინასწარ დაკავებას ეხება. ამაზე ერთი კვირა დაგვჭირდება“, — განმარტა მახარაძემ.
ქართული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ მახარაძე უკრაინაში მებრძოლ მოხალისეებს აგროვებდა. ადვოკატი კი ირწმუნება, რომ მისი კლიენტი ქველმოქმედებას ეწეოდა — ტანსაცმელს აგროვებდა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მებრძოლ ქართველ მოხალისეებს ამარაგებდა.
მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ.