თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კიბერთავდაცვის სისტემის მოდერნიზაციისთვის 70 მლნ ევროს გამოყოფას აპირებს, ნათქვამია ორგანიზაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
მოდერნიზაციის პროცესი 2017 წელს დაიწყება.
ნატოს წევრმა ქვეყნებმა კიბერსაფრთხეებთან ბრძოლის ერთობლივი ნაბიჯები ბელფიის ქალაქ მონსეში დღეს განიხილეს ალიანსის ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელშიც ნატოს ოფიციალური პირები, მათ შორის, სამხედრო ორგანიზაციის კიბერთავდაცვის ცენტრის ხელმძღვანელობა მონაწილეობს.
„სხვა საკითხების პარალელურად, კონფერენციაზე ასევე განიხილება კიბერშესაძლებლობების განახლება და ფუნდამენტური გაზრდა, რაც 70 მლნ ევროზე მეტი დაჯდება და რომელიც 2017 წელს დაიწყება“, — აცხადებს ნატოს პრე-სსამსახური.
ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებმა და მთავრობებმა ივლისის ვარშავის სამიტზე კიბერსივრცე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოპერატიული პასუხისმგებლობის ახალ ზონად აღიარეს.
როგორც მანამდე გაზეთი New York Times წერდა, ნატოს არ გააჩნდა კიბერომის წარმოების მკვეთრი სტრატეგია და ამიტომაც ესაჭიროებოდა კიბერსივრცეში წინააღმდეგობის გასაწევად გეგმის შემუშავება.
რაც შეეხება ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგმა წარსულში განაცხადა, რომ კიბერთავდასხმის შემთხვევაში, ნატო მზადაა აამოქმედოს კოლექტიური თავდაცვის შესახებ ხელშეკრულება, თუმცა კოლექტიური პასუხი ყველა თავდასხმას ვერ მოჰყვება.
ნატოს მონაცემებით, ალიანსის ინფრასტრუქტურა ყოველდღიურად განიცდის მილიონობით კიბერთავდასხმას. ამასთან, ყოველთვიურად ფიქსირდება ნატოს კომპიუტერულ ქსელში შეღწევის სერიოზული მცდელობა.