თბილისი, 7 სექტემბერი— Sputnik. ნატოსკენ მისწრაფება საქართველოს არჩევანია, ამიტომ ორგანიზაციაში წევრობის საკითხი მესამე მხარეზე დამოკიდებული არ არის, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თბილისში. სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვიდა ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ალიანსის მთავარი ხელმძღვანელი ორგანოა.
„ნატოსათვის ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია, რომ თითოეულ ერს თავისი გზის არჩევნის უფლება აქვს…ამ პრინციპების ქვეშ რუსეთმა და სხვა ევროპულმა ერებმა მრავალჯერ მოაწერეს ხელი“,- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„საქართველოს ნატოში შესვლა დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოსა და ნატოზე“,- ხაზი გაუსვა მან. სტოლტენბერგმა დააიმედა საქართველოს ხელისუფლება, თუმცა ნატოში ქვეყნის შესვლის თარიღის დასახელებაზე უარი განაცხადა.
„საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ ამისათვის საქართველომ წევრობისათვის აუცილებელ სტანდარტებს უნდა მიაღწიოს. ეს ის არის, რაზედაც საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ — ვატარებთ რეფორმებს, რომლებიც საქართველოს ნატოსთან მიახლოებაში ეხმარება. მე არ დავასახელებ კონკრეტულ თარიღებს, რადგან ისინი დამოკიდებულია საქართველოში განხორციელებული რეფორმების შედეგებზე“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველომ.
„ჩვენ ვხედავთ დიდ პროგრესს, მრავალ რეფორმას: ინსტიტუციონალურ რეფორმებს, მასმედიის თავისუფლებას, და რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ეს მნიშვნელოვანია ნატოში წევრობისათვის. მაგრამ ეს ასევე მნიშვნელოვანია თქვენთვის, იმიტომ რომ ეს ხდის საქართველოს უსაფრთხოს, ძლიერს, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და დემოკრატიულ განვითარებას“,- ხაზი გაუსვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
საქართველოს პერსპერქტივებზე კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა.
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების მხრიდან საქართველოს პროგრესი აღიარებულია, მე მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ ამ პროგრესის დინამიკა შენარჩუნდება და საქართველო მიუახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და საბოლოო მიზანს მიაღწევს — ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდება“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.