თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესია და ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი თბილისში ქვეყნის მხარდაჭერაზე მიუთითებს, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესია, რომელიც ალიანსის მთავარი ხელმძღვანელი ორგანოა, საქართველოში 7-8 სექტემბერს ჩატარდება. სტოლტენბერგი მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში და ქვეყნის პირველ პირებსაც შეხვდება.
„ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხითაც და რა თქმა უნდა, საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიზაციის რეფორმების მხარდაჭერისა და აღიარების კუთხით“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ალიანსის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესია მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციისთვის.