თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ შემოწირულობების რაოდენობის კუთხით ლიდერობს, აგვისტოში პარტიამ თითქმის 5,6 მილიონი ლარი მიიღო.
სულ ერთი თვის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა 7.7 მლ ნ ლარი მიიღეს, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე.
შემოწირულობების რაოდენობით მეორე ადგილზეა მომღერალ პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“, რომელმაც 662 ათასი ლარი მიიღო. მას მოსდევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 475 ათასი ლარით.
ირმა ინაშვილის პარტია „პატრიოტთა ალიანსს“ 267 ათას ლარზე მეტი ჩაერიცხა შემოწირულობის სახით, ხოლო ექსმინისტრ ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“ — 115,5 ათას ლარზე მეტი.
ნინო ბურჯანაძის პარტია „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ“ შემომწირველებისგან აგვისტოში 108 ათას ლარზე ოდნავ მეტი მიიღო, ხოლო „გირჩმა“ — 86,3 ათასი ლარი.
ჩამონათვალში შემდეგია გიორგი ვაშაძის „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“, რომელსაც 53 ათასი ლარი აქვს მიღებული.
ყველაზე ცოტა შემოწირულობა აგვისტოში კახა კუკავას „თავისუფალმა საქართველომ“ (15 ლარი) და ჯონდი ბაღათურიას „ქართულმა დასმა“ (125 ლარი) მიიღეს.