თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვროო ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.
შეგახსენებთ: თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი თანამდებობიდან მინისტრ მიხეილ გიორგაძის ბრძანებით მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თეატრის თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა მისი გადაყენება მოითხოვა ფინანსური და სამართლებრივი დარღვევბის გამო.
„სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ოპერისა და ბალეტის თეატრში — პროფესიით დირიჟორი ან უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე სხვა პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში — სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი“, — ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობაში შედის თეატრში ახალი რეჟისორებისა და დირიჟორების მოზიდვა, მათი დასაქმება თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით. მან ასევე უნდა უზრუნველყოს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და მათი პროფესიული ზრდა.
გარდა ამ ყველაფრისა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ეკისრება თანამდებობაზე მთავარი რეჟისორის, მთავარი დირიჟორის, მთავარი ბალეტმაისტერის, მთავარი ქორმაისტერის, მთავარი მხატვრის თანამდებობებზე დანიშვნა და გათავისუფლება.
ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს ასევე წყვეტს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრის დირექტორთან ერთად.
ამ დროისათვის ოპერისა და ბალეტის თეატრს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მოწონელიძე ხელმძღვანელობს, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება კინწურაშვილის მოხსნისთანავე დაწერა.
ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურას დროებითი სარეკომენდაციო საბჭო შეარჩევს და მას კულტურის მინისტრს წარუდგენს.
დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ აქ.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 ოქტომბერი, 17:00 საათი. საბუთები ბარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
მისამართი: სანაპიროს ქუჩა №4.