თბილისი, 6 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ძირითადი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას რუსეთის პრემიერ-ლიგის კლუბ „კრასნოდარში“ გააგრძელებს, ნათქვამია რუსული გუნდის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კლუბის ხელმძღვანელობამ და ფეხბურთელმა პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებას მიაღწიეს და უკვე კვირის ბოლომდე ოქრიაშვილი „კრასნოდარის“ საწვრთნელ ბაზაზე იქნება.
უკანასკნელი ნახევარი სეზონი 24 წლის ნახევარმცველმა, რომელზეც უფლებები ბელგიის „გენკს“ ეკუთვნოდა, თურქულ „ესკიშეხირსპორის“ იჯარაში გაატარა. იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ოქრიაშვილს ფრანგულ „ოლიმპიკში“ გადასვლის საშუალება ჰქონდა, თუმცა გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.
აგვისტოს ბოლოს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა და „გენკმა“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს კონტრაქტი, და ფეხბურთელმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. თავის მხრივ, „კრასნოდარმა“ გამოიყენა არსებული წესები და სარეგისტრაციო პრეიოდის გარეთ მოთამაშეზე განაცხადი გააკეთა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ოქრიაშვილმა 30 მატჩი ჩაატარა, რომლებშიაც შვიდი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
პრემიერ-ლიგის ხუთი ტურის შემდეგ „კრასნოდარმა“ შვიდი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს. რუსული კლუბი ასევე უეფა-ს ევროპის ლიგის მონაწილეა, სადაც ჯგუფ "I"-ში მისი მეთოქეები იქნებიან „ზალცბურგი“(ავსტრია), „შალკე“(გერმანია) და „ნიცა“(საფრანგეთი).