თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ისტერიკაშია, ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ბრალდება.
მმართველმა პარტიამ მანამდე განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა“ წინასაარჩევნო პერიოდში არეულობას გეგმავს. ოპოზიციის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ განცხადება ასევე გააკეთეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ და ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.
„ჩვენი პასუხი იმ ისტერიკაზე, რაშიც დღეს ხელისუფლება იმყოფება, ძალზე მარტივი იქნება. ჩვენი ამოცანაა ძალიან მშვიდად, წყნარად, ორგანიზებულად მივიდეთ არჩევნებამდე, რათა ყველამ ერთად ვთქვათ უარი იმ ხელისუფლებაზე, რომელსაც დღეს სხვა გზა და რესურსი არ დარჩა, გარდა პანიკის, ისტერიკის, ოპოზიციაზე შეტევის და ძალადობის“, — განაცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, რომელმაც ქვეყნის მართვის სადავეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ მშვიდობიანი გზით ჩაიბარა. პარლამენტში უმრავლესობით მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ დააკომპლექტა მთავრობა, რომელსაც სათავეში მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა.
ერთი წლის შემდეგ,საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. სწორედ ამის შემდეგ განაცხადა ივანიშვილმა, რომ მისი ძირითადი მოვალეობა შესრულებულია და გადაწყვეტილი აქვს პრემიერის პოსტის დატოვება. ოპოზიცია სისტემატურად აღნიშნავს, რომ პოლიტიკიდან არაფორმალურად წასული ივანიშვილი, ქვეყნის მართვას კვლავ განაგრძობს, მხოლოდ კულისებიდან.