თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ეჭვს გამოთქვამს, რომ კიევის ექს-მერმა ლეინიდ ჩენოვეცკიმ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ქართული ენა არ იცის.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებისთვის ეროვნული ენის ცოდნა ერთ-ერთი მოთხოვნაა. ცესკომ ლეონიდ ჩერნოვეცკი ქალაქ ქობულეთის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად 27 აგვისტოს დაარეგისტრირა.
არასამთავრობო ორგანიზაციის დაეჭვების საფუძველი ინტერნეტ-სივრცეში ჩერნოვეცკის რუსულ ენაზე გავრცელებული ინტერვიუ გახდა.
„გამომდინარე აქედან, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ქართული ენა არ იცის, რაც მის მაჟორიტარ კანდიდატად დარეგისტრირებას გამორიცხავს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ ქართული ენის ფლობის ფაქტი არ გადაუმოწმებია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესაც", — ნათქვამია საიას განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ქობულეთის №81-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ მის მიერ გამოქვეყნებული განკარგულების კანონიერება შეისწავლოს და ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
2015 წლის დეკემბერში უკრაინის დედაქალაქის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველოსათვის“ შექმნა და რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადება. თუმცა, 2016 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ მან ტავისი პოლიტიკური მოღვაწეობა შეწყვიტა. აგვისტოს ბოლოს ჩერნოვეცკიმ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება კვლავ გააკეთა.
ლეონიდ ჩერნოვეცკი კიევის მერი 2006-2012 წლებში იყო. ის უკვე რამდენიმე წელია ქობულეთში, თავის დიდ ვილაში ცხოვრობს. საქართველოში ის ქველმოქმედებითა და ბიზნესით არის დაკავებული.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.