თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. რამდენიმე ადამიანმა სცადა ჩაეშალა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოფსის შეხვედრა ამომრჩევლებთან სოფელ ჯიხაშკარში.
საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ამ დროისათვის პოლიტიკოსები რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ.
„ჩვენი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოფსი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა. ეტყობა ზუგდიდიდან გამოგზავნეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. დაახლოებით ექვსი-შვიდი კაცი იყო. ნასვამები იყვნენ და აგრესიულად იქცეოდნენ, შორიდან ყვიროდნენ“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ენმ-ს წევრის თენგიზ გუნავას სიტყვებს.
პოლიტიკური პასუხისმგებლობა ინციდენტზე გუნავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ვიცე-პრემიერ —კახი კალაძეს დააკისრა.
„ამაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, კერძოდ ვიცე-პრემიერი კალაძე და პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. აღსანიშნავია, რომ ყველა შეხვედრებზე, რომელსაც ადრე ვმართავდით, იყო პოლიცია, მაგრამ დღეს ჯიხაშკარში პოლიცია არ ყოფილა“, — დასძინა მან.
ქართული მედიის ცნობით, ერთ-ერთმა პროვოკატორმა სანდრა რულოფს ბრალი დასდო ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში.
რულოფსმა, რომელიც 2004 წლიდან 2013 წლამდე საქართველოს პირველი ლედი იყო, გადაწყვიტა პოლიტიკაში წასულიყო და აგვისტოს ბოლოს ოპოზიციურმა პარტიამ:ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იგი თავის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა ზუგდიდის რაიონში.