თბილისი, 4 სექტემბერი— Sputnik. ქართველმა მოსწავლეებმა ბაქსვუდის სკოლაში, რომელიც ლონდონთან ახლოს, ქალაქ ჰეისტინგში მდებარეობს, 2 კვირიანი ინგლისური ენის გაძლიერებული კურსი გაიარეს და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები მოინახულეს.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში 600 მოსწავლისგან 36 მოწაფე შეირჩა, რომლებსაც ოლიმპიადებსა და სხვადსხვა კონკურსებში მონაწილეობა აქვთ მიღებული. მოსწავლეებმა წინასწარ სამკვირიანი საზაფხულო სკოლა საქართველოში გაიარეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი-2“.
განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, რომელიც ინგლისში პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო, აღნიშნა, რომ ბავშვებს ძალიან მოსწონთ ეს პროგრამა, რადგან ის დატვირთულია ექსკურსიებით, სხვადასხვა შეჯიბრებებით და კონკურსებით.
„ბავშვები თავის თანატოლებს თავისი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციას აცნობენ. ყველაზე მთავარია ის, რომ პროგრამა იმდენად საინტერესოა, რომ თითოეული ბავშვი აღნიშნავს, რომ ეს ინგლისური ენის კურსი კი არა, არამედ ინგლისურენოვან გარემოში თავგადასავალია“,-აღნიშნა გიგაურმა.
თვითონ მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში გატარებული თითოეული დღე ძალიან მრავალფეროვანია და საინტერესო, რადგან ყოველთვის რაღაცაში უწევთ მონაწილეობის მიღება.
„სწავლასთან ერთად სისტემატურად ვსტუმრობთ ინგლისის სხვადასხვა ქალაქებს და ცნობილ ადგილებს. რა თქმა უნდა განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ლონდონი. ჩვენ გვქონდა საშუალება შევსულიყავით ბუკინგემის სასახლეში-ეს არაჩვეულებრივი იყო“,-ამბობს მოსწავლე ეკა ფანცულაია.