თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თბილისის გოეთეს ინსტიტუტში 10 სექტემბერს ჩატარდება კონფერენცია „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“, რომლის მიზანიცაა საქართველოში გერმანული ენის სწავლების ახალი მეთოდიკის დანერგვა.
კონფერენციის ფარგლებში, სექტემბერ-ნოემბერის პერიოდში გერმანული ენის ქართველი პედაგოგებისთვის გერმანელი სპეციალისტები სემინარებსა და ვორქშოფებს ჩაატარებენ. კერძოდ, მასწავლებლებს აუხსნიან, როგორ ჩართონ გერმანული ენის სწავლების პროცესში გარემოს დაცვის თემა.
„ეს ახალი მიდგომაა, რომელიც ტრადიციული სწავლების ჩარჩოებს სცდება. შესაბამისად, ამ ახალი მეთოდით ქართველი პედაგოგები გერმანელი სპეცილისტების დახმარებით შეისწავლიან, როგორ შექმნან ერთობლივი პროექტები, როგორ ჩართონ გაკვეთილებში გარემოს დაცვის საკითხები“, — აღნიშნულის გოეთეს ინსტიტუტის განცხადებაში.
სემინარებში, რომლებიც ბორჯომსა და ქუთაისში ჩატარდება, საქართველოს 32 სკოლის 100 პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენცია „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისათვის“ მეორედ ტარდება საქართველოში. ეს გოეთეს ინსტიტუტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელმაც 2016 წლის ზაფხულში ავსტრიის პრემია Sustainability Award მიიღო გარემოს განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
კონფერენციას დაესწრება გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი, საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილე მონიკა ლენჰარდი და სხვა მოწვეული სტუმრები.