როგორია, ჰაა? ანუ ჩვენ და რეკლამა...

© Flickrტელევიზორი
ტელევიზორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასაარჩევნო კამპანიის შტრიხები... ვინ რას გვპირდება და როგორ „ფუთავს“ დანაპირებს... ქართული პოლიტრეკლამის შინაარსი და ფორმა...

ერთი არაფრით გამორჩეული საღამო იყო, როცა მე და ჩემი ცხოვრების მეგობარი ქალაქის გარეუბანში ავტომობილით ვმოძრაობდით… მოულოდნელად მესაჭემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ელექტრობოძს შევეჯახეთ… შუბლით საქარე მინას მივებჯინე. ექიმებმა წოლითი რეჟიმი მომისაჯეს და თანაც მირჩიეს — „კომპიუტერს მოერიდეთ, ტელევიზორს არ უყუროთ… ყური მიუგდეთ!..“ რჩევა გავითვალისწინე, კომფორტულად მოვეწყვე, ტელევიზორი ჩავრთე და სმენად ვიქეცი… ეს „ბედნიერი“ თავგადასავალი, რომ არა, არ ვიცი სხვა რა მაიძულებდა ტელეარხებისთვის ესოდენ მაღალი ყურადღება დამეთმო. „ცისფერი ეკრანის“ სხვა „მარგალიტებს“ შორის, ჩემი ყურადღება მიიქციეს პოლიტიკური პარტიების სარეკლამო რგოლებმა და ახლა მეც საარჩევნო სუბიექტების ამ „შედევრებზე“ შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ… ვინ რას გვპირდება და როგორ „ფუთავს“ დანაპირებს ანუ შინაარსი და ფორმა… როგორც ამბობენ „თვალი ჭამს და თვალი სვამს“, თუმცა სარეკლამო კლიპების კომპოზიცია, ვიდეო და აუდიო ეფექტები არაფრიდ არის გამორჩეული და ავტორებიც თავს ვერაფრით მოიწონებენ. სათქმელის მსმენელამდე ორიგინალურად მიტანას ნიჭთან ერთად ფინანსები ჭირდება და ორივეს ერთად ყველა როდი ფლობს… მავანმა შესაძლოა ბრძანოს, რომ მთავარია სათქმელი იყოს და ფორმა მოინახება. რეპლიკას გავიზიარებ და ყურადღებას სარეკლამო რგოლების შინაარსზე გავამახვილებ…

თბილისი - Sputnik საქართველო
სად გადის ზღვარი პოპულიზმსა და პრაგმატიზმს შორის პარტიების დაპირებებში

პოლიტსუბიექტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ირწმუნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ის შედეგები, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი მთავარ პრობლემად ეკონომიკურ სიდუხჭირეს ასახელებს და ამიტომაც სარეკლამო რგოლებში აქცენტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე კეთდება. თითქმის არავინ საუბრობს დეოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე. ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებს  გავიხსენებ — „ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს…“ ერთადერთი გამონაკლისი, ვინც ამომრჩევლისთვის განკუთვნილ გზავნილში პრიორიტეტს ქვეყნის გამთლიანებას ანიჭებს „დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოა“… ნინო ბურჯანაძე ბრძანებს, რომ საქართველო არ უნდა იყოს არც ერთი სამხედრო კავშირის წევრი და საქართველოში არ უნდა იდგეს არც ერთი უცხო ქვეყნის ჯარი. პარტია მოგვიწოდებს მხარი დავუჭიროთ ქვეყნის უბლოკო სტატუსს, თუმცა ვეჭვობ უახლოეს მომავალში, საქართველოს რომელიმე სამხედრო-პოლიტიკურ ერთობაში გაწევრიანება ისედაც არ ემუქრება. ერთი სიტყვით სარეკლამო კლიპებში პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებიან — ვინ უფრო მეტ პენსიასა და სოციალურ შემწეობას გაიღებს, ვინ რა ნიშნულზე განსაზღვრავს საარსებო მინიმუმს და ვის რამდენი წარმოუდგენია ყველაზე დაბალ ანაზღაურებად. ირაკლი ალასანია და „თავისუფალი დემოკრატები“ ბიუჯეტის ოთხი მილიარდით გაზრდას გვპირდებიან და ამბობენ, რომ პენსია სამასი ლარი, ხოლო მინიმალური ხელფასი ხუთასი ლარი იქნება… „ნაციონალური მოძრაობა“ გადასახადების შემცირებით  თასობით  სამუშაო ადგილის შექმნასა და პენსიის ორმოცდაათი ლარით მატებას აანონსებს… „პატრიოტთა ალიანსი“ ორხმაში გვპირდება, რომ ყველა მიმართულებით გაიზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა და ვალდებულება… ქვეყნის პირველი „ლეიბორისტი“ შალვა ნათელაშვილი ბრძანებს, რომ რეფორმის შედეგად საპენსიო ასაკი შემცირდება, დაბადების დღეზე პენსიონერი მეცამეტე პენსიას მიიღებს, მინიმალურ ოდენობას დანამატი დაერიცხება სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. პენსიონერი, რომელიც ოთხმოცი წლის გახდება, ყოველ მომდევნო წელს ას ლარს დაიმატებს. უსახსრობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტები აუდიტორიებში დააბრუნებიან. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უფასო იქნება და თანაც სტუდენტები სტიპენდიასაც მიიღებენ… მე ეს ყველაფერი იმ აუქციონს მაგონებს, სადაც „მყიდველი“ უსათუოდ გაბითურდება… საინტერესოა როგორია სპეციალისტების აზრი.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა

საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია: „სარეკლამო რგოლებმა პოლიტიკური სუბიექტების ნამდვილი სახე აჩვენა. სრული გათიშულობა საზოგადოებისგან, საზოგადოების სრული შეურაცხყოფა. ამ ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ, საზოგადოება, ვერ ვაზროვნებთ და ყველაფერს დავიჯერებთ. „რესპუბლიკური პარტია“ შედარებით საინტერესო იყო, მაგრამ ეს გაუგებარი არქაიზმები, რეკრუტი და იდეა, რომელიც ჩვეულებრივ, რიგით ამომრჩეველზე არ არის ორიენტირებული. ეს შეიძლება გაიგოს აქტიურმა მოქალაქემ და არა მთლიანობაში ყველამ.

სხვა ენაზე ლაპარაკობენ. „ქართული ოცნება“, პრინციპში, ბილბორდებზე უფრო ჩანს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლამო კამპანია თავის დროზე შემოქმედებითი, დინამიკური იყო, დღეს კი მისი კლიპები არის ისეთივე უსახური, როგორც შეიძლება იყოს ყველა სხვა პარტიის სარეკლამო რგოლი. „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო რგოლები არის სრული გაუგებრობა. რატომ ლაპარაკობენ ამდენს… ნინო ბურჯანაძემ მიმართა საინტერესო ხრიკს. ის მიხვდა, რომ ე.წ „პრორუსებში“ მას უკვე ბევრი კონკურენტი ჰყავს, მარტო ვლადიმერ პუტინის იმედზე კი რეკულტივებას ვერ მოახერხებდა. სწორედ ამიტომ, მან თავის ძველ ბეგრაუნდს მიმართა, რომ მას აქვს კონტაქტები, დღეს კი აღარ აქვს ეს კონტაქტები, მაგრამ მაინც. მისი თანამდებობრივი წარსული ძალიან დატვირთულია. მან მიმართა ხრიკს, როცა კადრში აჩვენებს ევროპელ, ამერიკელ, რუს ლიდერებს. ნინო ბურჯანაძეს რომ პუტინიზმი ზედმეტად არ ექადაგა, მისი სარეკლამო რგოლები და სტრატეგია შეიძლება ყველაზე საინტერესო ყოფილიყო. ის დადებდა ალტერნატივად ევროპას, შტატებს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და იმ ქვეყანასაც და იმ დამპყრობელ ლიდერსაც კი, ვისთანაც შეიძლება რაღაც სახის კომუნიკაციაზე ელაპარაკა. თითქოს ყველა რაღაცას გვპირდება, ყველა რაღაცას გვთავაზობს, მაგრამ სარეკლამო რგოლებს საერთო აქვს ის, რომ ყველა უსახურია. ყველგან არსებობს პოლიტიკური სუბიექტები, სახელმწიფო და ხალხი კი სხვა განზომილებაში არიან…“

ვიტყვი, რომ საარჩევნო მარათონის ძირითადი მონაწილეებიდან ჯერჯერობით არ ჩანს მმართველი პარტიისა და პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური პლატფორმის სარეკლამო რგოლები, თუმცა დრო ჯერ კიდევ არის და დარწმუნებული ვარ იმედებს არც ისინი „გაგვიმტყუნებენ“…


ყველა ახალი ამბავი
0