თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ჰოლანდიური „ვიტესის“ ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ვარშავის „ლეგიის“ მოთამაშე გახდა, იუწყება პოლონური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი.
„ვიტესსა“ და „ლეგიას“ შორის შეთანხმების თანახმად, პოლონეთში სეზონს ყაზაიშვილი იჯარით გაატარებს. საკითხის ფინანსური მხარე არ საჯაროვდება.
23 წლის ჰავბეკი 2011 წლიდან „ვიტესში“ თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მან კლუბის შემადგენლობაში 121 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 28 გოლი და გააკეთა 13 შედეგიანი გადაცემა. 2015/2016 წლების სეზონში ყაზაიშვილი მინდორზე 33 მატჩში გავიდა, გაიტანა 10 გოლი და სამი საგოლე პასი გააკეთა.
თუმცა, ახალი მწვრთნელის ხელში, რომელიც გუნდს წელს ჩაუდგა სათავეში, ყაზაიშვილს სათამაშო პრაქტიკის პრობლემები გაუჩნდა.
ახალ გუნდში ქართველი შემტევი ნახევარმცველი მეცხრე ნომრით გამოვა.
„ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. „ლეგია“ შესანიშნავი კლუბია. მასზე ბევრი კარგი რამ მიამბო ჩემმა მეგობარმა ლადო დვალიშვილმა, რომელიც აქ რამდენიმე წლის წინ გამოდიოდა. ამ სეზონში „ლეგია“ უეფას ჩემპიონთა ლიგაში გამოდის და მინდა, ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩემს ახალ გუნდს დავეხმარო“, — განუცხადა ოფიციალურ ვებ-გვერდს ყაზაიშვილმა.
„ლეგია“ პოლონეთის ჩემპიონია. ის 2016/2017 წლების სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ სტადიაზე ითამაშებს. პოლონური კლუბის მოწინააღმდეგეები F ჯგუფში იქნებიან „რეალი“ (მადრიდი), „ბორუსია“ (დორტმუნდი) და „სპორტინგი“ (ლისაბონი).