იმ ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატები, სადაც ქართველი ლეგიონერები თამაშობენ, დაწყებულია. თუმცა, საქართველოს ნაკრების ყველა ძირითად მოთამაშეს როდი შეუძლია დაიტრაბახოს საკმარისი გამოცდილებით. ერთ-ერთი გამონაკლისია მოსკოვის „სპარტაკის“ სახელით მოასპარეზე ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე. რუსეთის პრემიერ-ლიგის მეხუთე ტურში „სპარტაკმა“ გასვლაზე მახაჩკალას „ანჯის“ ანგარიშით 2:0 მოუგო. ზე ლუიშის გადაცემის წყალობით მე-19-ე წუთზე ანანიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა. ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ "Спорт-экспресс" ანანიძეს 6.5 ქულა მიანიჭა.
ანანიძისათვის ამ სეზონზე ეს უკვე მესამე გოლია. ხუთი ჩატარებული ტურის შემდეგ „სპარტაკი“ 13 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობს.ანანიძისგან განსხვავებით, ნაკრების კიდევ ერთი ნახევატმცველი გიორგი ჭანტურია საჭირო გამოცდილებით ვერ დაიტრაბახებს. ტულის „არსენალის“ წინააღმდეგ მეხუთე ტურის საშინაო თამაშზე ჭანტურია მოედანზე მხოლოდ 64-ე წუთზე გამოვიდა.რუსეთის ჩემპიონატის დაწყებიდან მან მინდორზე ჯამში მხოლოდ 53 წუთი გაატარა. ეს დრო იმისთვის საკმარისი არ არის, რომ ნაკრების შემადგენლობაში ავსტრიის წინააღმდეგ მატჩში მიიღოს მონაწილეობა.
საქართელოს ნაკრების მეკარეს გიორგი ლორიას "Крылья Советов" შემადგენლობაში მუდმივი ადგილი უჭირავს. თუმცა სამარის გუნდმა ისევ წააგო, მინიმალური ანგარიშით „უფასთან“ შეხვედრისას. ლორიას ამაში ვერ დაადანაშაულებ. შეხვედრის ბოლოს თამაშის ბედი პენალტიმ გადაწყვიტა. ქართველმა გოლკიპერმა ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი, როგორც ეს მან „ლოკომოტივთან“ შეხვედრაზე შეძლო. შედეგად "Крылья" ორი ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილას აღმოჩნდა. ფრანკ ვერკაუტერნის აღსაზრდელებმა ოთხი ბურთი გაუშვეს და მხოლოდ ერთი გაიტანეს.
„რუბინის“ ცენტრალურ ნახევარმცველს საბა კვირკველიასაც გარკვეული პრობლემები აქვს. ამ სეზონზე კაზანის გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხავი გარსიამ განმარტა, რომ ქართველი ლეგიონერის იმედი არ აქვს. ხუთი მატჩიდან ის არც ერთის განაცხადში არ მოხვდა. მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე(31 აგვისტო) ქართველი ახალ კლუბს ეძებს.
კვირკველიას ერთ-ერთი პრეტენდენტია "Краснодар". არც ისე კარგად არის შემტევი ნახევარმცველის ვაკო ყაზაიშვილის საქმეც, რომელიც ჰოლანდიური „ვიტესის“ სახელით ასპარეზობს. ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველ მატჩში 90 წუთი ითამაშა, თუმცა ყოველ მომდევნო თამაშთან ერთად სულ უფრო ნაკლებ გამოცდილებას იღებდა. მეორე ტურში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰენკ ფრეზერმა ქართველი 61-ე წუთზე შეცვალა, შემდეგ თამაშში საფინალო სასტვენამდე ათი წუთით ადრე გავიდა მოედანზე, ხოლო „უტრეხტის“ წინააღმდეგ უკანასკნელ მატჩში ის განაცხადში საერთოდ არ მოხვდა.
ყაზაიშვილისგან განსხვავებით, „ვიტესის“ კაპიტანი გურამ კაშია მწვრთნელის უპირობო ნდობით სარგებლობს. საქართველოს ნაკრების ძირითადმა ცენტრალურმა მცველმა ჰოლანდიის ჩემპიონატის ოთხივე შეხვედრა სტარტიდან საფინალო სასტვენამდე ითამაშა.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავასა და ნახევარმცველის თორნიკე ოქრიაშვილის საკითხი ჯერ ღია რჩება. კანკავა არადამაკმაყოფილებელ ფიზიკურ ფორმაშია და ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩზე გამოძახებული არ არის. ისიც უცნობია, სად გააგრძელებს თავის კარიერას ქართველი ჰავბექი. ამჟამად კანკავა ესპანური „მალაგას“ და ფრანგული „ნიცას“ ინტერესთა სფეროშია. რაც შეეხება ოქრიაშვილს, მას დაუმთავრდა კონტრაქტი თურქულ „ესკიშეხირსპორში“. თუმცა „გენკი“, რომელსაც ეკუთვნის ქართველი ფეხბურთელი, ჯერჯერობით მას თავის შემადგენლობაში არ იყვანს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოს და ავსტრიის ნაკრებებს შორის უკვე ხუთ სექტემბერს ჩატარდება.საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ვლადიმის ვაისის წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა დგას. ერთის მხრივ, საკვალიფიკაციო ციკლის დაწყება მას პოზიტივით სურს. მით უმეტეს მშობლიურ სტადიონზე საკუთარი ქომაგების წინაშე. მეორეს მხრივ, რთულია ხარისხიან ფეხბურთს ელოდო, როდესაც ძირითადი ფეხბურთელების უდიდეს ნაწილს საკმარისი გამოცდილება არ აქვს. იმის შესახებ კი, რაც „დინამო არენას“ სტადიონზე მოხდება, სულ მალე გავიგებთ. ერთი კვირის შემდეგ.