თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მებრძოლ-მყვინთავთა კურსები შეჩერებულია, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არცერთი სერტიფიცირებული ინსტრუქტორი არ არის, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 16 აგვისტოს თავდაცვის სამინისტრომ კაპრალ იაგო შარაძისა და პირველი კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის გაუჩინარების შესახებ განაცხადა, რომლებიც გონიოში, საზღვაო ზოლში მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ. მათი ძებნის პროცესში ჩართული იყვნენ თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი და ამერიკელი სამხედროები.
„თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში ინსტრუქტორის სერტიფიკატი არ გააჩნდათ იმ პირებს, ვინც წვრთნებს ახორციელებდა. ჩვენ დამატებითი ინფორმაცია მოვიძიეთ თავდაცვის სამინისტროში 6-7 წლის განმავლობაში თუ არსებობდა ინსტრუქტორი, რომელსაც ექნებოდა სერტიფიკატი, სამწუხაროდ, ასეთი ვერ ვიპოვეთ“, — განაცხადა იზორიამ.
სამხედროების დაცვის მიზნით, მინისტრმა ამგვარი წვრთნების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მას არ დაუზუსტებია, რამდენხანს შეჩერდება მებრძოლ-მყვინთავთა მომზადების კურსი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ყველა ინსტრუქტორმა, რომელიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს ატარებდა, სწავლება თურქეთში გაიარა.
ჯარში დაგეგმვასა და წვრთნებზე პასუხისმგებელი სწორედ გენშტაბია.
დაკარგული სამხედროების ნათესავები და ახლობლები სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას მოითხოვენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ გაუჩინარებულების ძებნას საკუთარი ძალებით განაგრძობენ.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ“, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.
იაგო შარაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლის დეკემბრიდან მსახურობს. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ჯგუფის საინჟინრო სპეციალისტია.
გიორგი ნანეტაშვილი სამხედრო მოსამსახურე 2013 წლის ივნისში გახდა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-2 ასეულის მე-4 ჯგუფის კავშირგაბმულობის სპეციალისტია.