თბილისი, 31 აგვისტო— Sputnik. საქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურმა ახალი სტრუქტურა შექმნა, რომელიც არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში მცხოვრები ვეტერანების სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას დაიწყებს, განაცხადა ვეტერანების სამსახურის რეგიონალური მართვის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ თოფურიამ.
ვეტერანების სამსახურმა თავისი საქმიანობა გააფართოვა და ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვა. ახლა რეგიონებში სამსახურის თანამშრომელთა შტატი გაიზარდა იმისათვის, რომ ვეტერანების ცხოვრება მაქსიმალურად გაიოლდეს.
„თუ ჭიათურაში მცხოვრებ ვეტერანს რამე ესაჭიროებოდა, ის იძულებული იყო ქუთაისში წასულიყო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მათ იქეთ-აქეთ სიარული აღარ დასჭირდეთ“,- განაცხადა თოფურიამ.
საქართველოს დედაქალაქს რაც შეეხება, ვეტერანების სამსახურმა თბილისი 10 რაიონად დაჰყო, თითოეულ მათგანს თავისი წარმომადგენელი ჰყავს, რომლის მოვალეობას ვეტერანების საკითხების მოგვარება წარმოადგენს. ახალ სტრუქტურაში ასევე შრომის მოწყობის განყოფილებებია შექმნილი.
„სოფლის მეურნეობის მიმართულებით იდეები გაგვაჩნია, ბევრი ვეტერანი სოფლად ცხოვრობს და მცირე ფერმერობას მიჰყვება, ჩვენ გვინდა ამას ხელი შევუწყოთ“,- აღნიშნა თოფურიამ.
ახალი სტრუქტურის მთავარ და ძირითად ამოცანას წარმოადგენს ვეტერანების შრომითი მოწყობა და სამედიცინო მომსახურების კუთხით კომფორტული პირობების შექმნა, დასასრულს განაცხადა მან.
საქართველოში ამჟამად დიდი სამამულო ომის 1296 ვეტერანი ცხოვრობს. მათგან 391-პირველი ჯგუფის ინვალიდია, 273-მეორე ჯგუფის და 90-ინვალიდობის მესამე ჯგუფის.