თბილისი, 31 აგვისტო— Sputnik. „სოციალისტური საქართველოს“ მოძრაობის ლიდერი ვალერი კვარაცხელია მიიჩნევს, რომ საქართველოს ცესკო-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პოლიტიკური გაერთიანება „კვარაცხელია-სოციალისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა.
როგორც საარჩევნო კომისიის განკარგულებაშია აღნიშნული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ განიხილა პოლიტიკური გაერთიანება „კვარაცხელია-სოციალისტების“ განცხადება ხელმძღვანელის შეცვლასთან დაკავშირებით. ოფიციალურად პარტიას რეგისტრაციის მომენტში თავმჯდომარე არ ჰყავდა.
„ეს არ იყო ცესკო-ს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-მ და აშშ-ს ელჩმა, რადგან ჩვენ ის პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან პარტნიორული, კეთილმეზობლური ურთიერთობები. ეს აშშ-სთვის მიუღებელია და მათ უნდათ, რომ მსგავსი პოლიტიკური სუბიექტი საქართველოს საარჩევნო გარემოში არ არსებობდეს“,- განუცხადა Sputnik-ს კვარაცხელიამ.
მისი სიტყვებით, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგება სურთ, თუმცა აშშ იმის წინააღმდეგია, რომ საქართველოს პარლამენტში თუნდაც ერთმა პოლიტიკოსმა ამაზე ილაპარაკოს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
პარტიას შეუძლია ცესკო-ს განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი კალენდარული დღის განმავლობაში გაასაჩივროს.
31 აგვისტოს მონაცემებით საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებს 27 პარტია და ექვსი საარჩევნო ბლოკი. პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის საბოლოო შედეგები 1 სექტემბერს გახდება ცნობილი.