თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. „დიდი შვიდეულის“ მონაწილეები მზადა არიან, G8-ში რუსეთის დაბრუნების საკითხი განიხილონ, თუ დონბასისა და სირიის საკითხებში პროგრესი იქნება, ფორმატიდან მოსკოვის გარიცხვა მათ ინტერესებში არ შედის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„კონფლიქტები სირიასა და უკრაინაში აჩვენებს, რომ ჩვენს ინტერესებშია, უმსხვილესი მსოფლიო ეკონომიკების ვიწრო მოლაპარაკებების ფორმატიდან რუსეთი არ გავრიცხოთ… თუ, ბოლოსდაბოლოს, აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში ზავის თაობაზე მოლაპარაკებებში არსებითი პროგრესი გამოჩნდება. G7-ის პარტნიორები მზად არიან, ამის შესახებ მოსკოვს ესაუბრონ“, — განაცხადა მინისტრმა ახალი ამბების ქსელ RedaktionsNetzwerk Deutschland-თან ინტერვიუში.
„G8-ში დაბრუნების გასაღები მოსკოვის ხელთაა“, — დასძინა მან.
1998 წლიდან ეკონომიკურად განვითარებული ზესახელმწიფოების ფორუმი „რვიანს“ წარმოადგენდა, მაგრამ 2014 წელს, ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კლუბის მონაწილეებმა სოჭში G8-ის სამიტზე წასვლაზე უარი განაცხადეს და ბრიუსელში რუსეთის გარეშე შეიკრიბნენ. G7-ის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ, სანამ მოსკოვი ყირიმთან დაკავშირებით თავის პოლიტიკას არ შეიცვლის, მანამდე რუსეთის გვერდით არ დასხდებიან.