თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ახმეტაში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური.
სამართალდამცველებმა ახმეტაში, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 400 გრამი ტროტილი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 156 საბრძოლო ვაზნა და 3 მჭიდი, ხოლო მისი კუთვნილი ზურგჩანთის ჩხრეკისას 22,6 გრამი მარიხუანა ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
დაკავებული ბრალს აღიარებს. მას 8-დან 12 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.