თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო დანიშნულების გზის „ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის“ რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება. ეს უმოკლესი გზაა, რომელიც სომხეთს თბილისთან აკავშირებს.
19,1 მლნ ლარის ღირებულების პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში ბოლნისისა და დმანისის რაიონებში განახლდება გზის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ასევე, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები. უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი.
„ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის“ ტრასის 300-მეტრიან მონაკვეთზე ამჟამად საქართველოში პირველად ტარდება გზის საფუძვლის ექსპერიმენტული მოწყობა ინოვაციური მეთოდით. გარდა იმისა, რომ ინოვაციური მეთოდი გზის სწრაფად და იაფად რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა, ამ ფორმით მოწყობილი გზის საფუძველი უფრო მდგრადი და მყარია.