თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქალაქ რუსთავში განზრახ მკვლელობისთვის 23 წლის კ. ხ. დააკავეს, აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ახმეტელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1973 წელს დაბადებულ თ. კ.–ს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა და მიმალვა სცადა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარის ოფიციალური მიზეზი უცნობია. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ვერსიით, დავა ეზოში დამონტაჟებული შლაგბაუმის გამო მოხდა.
თ. კ. სახლში ბრუნდებოდა, როდესაც შლაგბაუმს დაეჯახა. მან ხმამაღლა გინება დაიწყო იმათი მისამართით, ვინც შლაგბაუმი დააყენა. ის კი თ. კ.-ს მეზობლებმა დააყენეს, რომლებმაც ბრალდებები ვერ მოითმინეს და ეზოში ჩავიდნენ.
ურთიერთშელაპარაკებისას ერთ-ერთმა მათგანმა თ. კ.-ს გულის არეში დანა დაარტყა.
შსს-ში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულის დაკავება მომხდარიდან რამდენიმე წუთში მოხერხდა. მან უკვე აღიარა დანაშაული.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის „განზრახ მკვლელობის“ მუხლით, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.