თბილისი, 30 აგვისტო— Sputnik. ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მოდერნიზაციის დასრულებას, ასევე ახალი ავტობანებისა და გზების მშენებლობას გეგმავს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე.
პრემიერმა ბიზნესმენებს საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა წარუდგინა. მთავრობის პროგრამა ითვალისწინებს: ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი რეფორმებს; განათლების რეფორმას, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული; რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას და მმართელობის რეფორმას, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურიბასა და გამჭვირვალობას უზრუნველჰყოფს.
"ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, დავასრულოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, სარფიდან დაწყებული წითელ ხიდამდე და სადახლომდე. ასევე ავაშენებთ თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანს", — განმარტა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მცხეთა-ლარსის გზის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ საჭირო იქნება პარტნიორების მოძიება, რათა ეს ავტობანი მივიდეს ვლადიკავკაზამდე.
გარდა ამისა, მთავრობამ დაგეგმა ქუთაისისა და მაღალმთიანი სვანეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ცაგერისა და ლენტეხის გავლით.
„უკვე უახლოეს პერიოდში დაიწყება ლენტეხიდან შემოვლითი გზის მშენებლობა მესტიის მიმართულებით, უშგულის გავლით, მაგრამ ეს გზა საკმარისი არ იქნება კურორტ თეთნულდის განვითარებისთვის. ამიტომ იქ საჭიროა გვირაბების აშენება“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ოთხი წლის განმავლობაში მთავრობა გეგმავს ქუთაისიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალი გზის მშენებლობას. მან აღნიშნა, რომ დაპროექტების სამუშაოები უკვე დაწყებულია.
„ეს იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქუთაისი გავხადოთ ქვეყნის შიდა ჰაბი", — განაცხადა პრემიერმა. მან ხაზი გაუსვა ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმის განხორციელების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის როლს.