თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. 2015 წლის დეკემბერში თელაველმა დიმიტრი მასპინძელაშვილმა თავისი ნაცნობი ელენე თუშიშვილი ნაჯახით მოკლა 50 ლარის გამო, რის გამოც მას დღეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის შეტყობინებაში.
მასპინძელაშვილი ცოლთან და 6 წლის გერთან ერთად მივიდა ელენე თუშიშვილთან სახლში და 50 ლარი სთხოვა. თუშიშვილს ფული არ ჰქონდა და უარი უთხრა მასპინძელაშვილს, რამაც ეს უკანასკნელი გააბრაზა. იმავე დღეს, 22:00 საათზე მასპინძელაშვილი მივიდა თუშიშვილის სახლში, აიღო ნაჯახი, რომელიც ამ უკანასკნელს საწოლ ოთახში ედო და თუშიშვილს თავში ჩაარტყა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მაპინძელაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მოგვიანებით დიმიტრი მასპინძელაშვილი მეუღლესთან და ბავშვთან ერთად შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, ელენე თუშიშვილის ტელეფონიდან დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ელენე თუშიშვილის გვამი მისივე საცხოვრებელ სახლში ნახა და დახმარება ითხოვა.
სამართალდამცველებმა დიმიტრი მასპინძელაშვილი 2015 წლის 4 დეკემბერს თელავში დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა.