თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. უცხოელი ინვესტორები, რომლებსაც, ქართული კანონმდებლობის თანახმად, 80% საქართველოს მოქალაქეების დასაქმება ევალებათ, ქვეყანაში კვალიფიციური კადრების პრობლემას აწყდებიან, განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა.
„ჩვენ გვყავს ძალიან დიდი არმია, მაგალითად, იმავე იურისტების და მედიკოსების, რომლებიც ამ რაოდენობით რეალურად ქვეყანას არ სჭირდება. კოლეჯები, რომლებიც პროფესიული კადრების გადამზადებით არიან დაკავებული, შრომის ბაზრის ანალიზს სისტემატურად უნდა ახდენდნენ და მის მოთხოვნებზე უნდა იყვნენ ორიენტირებული. მაგალითად, არ იქნებოდა ეფექტური, რომ კოლეჯმა სტუდენტს ასწავლოს პურის ცხობა და აღმოჩნდეს, რომ ბაზარზე ამ პროფესიის ადამიანები საკმარისად არიან“, — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკვე გამოვლენილია ის პროფესიები, რომლებიც აქტუალურია შრომის ბაზარზე და მათი რაოდენობა ამჟამად უკვე 57 ერთეულს შეადგენს. გადამზადების პროცესი თბილისში უკვე დაწყებულია. სექტემბრიდან კი საქართველოს 16 რაიონში დაიწყება.
პაატა ბაირახტარის თქმით, მართალია, ამ პროცესს მყისიერი ეფექტი არ ექნება, მაგრამ სამომავლოდ ქვეყანა იმდენ კვალიფიციურ კადრს მიიღებს, რამდენიც ბაზარს სჭირდება.
„ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ სამომავლოდ ამ ადამიანებმა იქ ნასწავლი პრაქტიკაში გამოიყენონ“, — აღნიშნა ექსპერტმა.
ანალიტიკოსის განცხადებით, პროფესიული კოლეჯების მიერ ადრე გადამზადებული კადრების უმეტესობა დასაქმებულია და წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს.