თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ბულგარეთის სოფელ ნოვო-სელოდან საქართველოში Agile Spirit 2016-ის მრავალეროვან წვრთნებში მონაწილეობისთვის ტანკები, ჯიპები, სადესანტო მანქანები და საარტილერიო ქვემეხები მოდის, აღნიშნულია აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განცხადებაში.
ნატოს მრავალეროვანი წვრთნები Agile Spirit 2016 მიმდინარე წლის სექტემბერში ვაზიანისა და ორფოლოს პოლიგონებზე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სამხედროები საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აშშ-იდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ლატვიიდან. წვრთნების გამართვის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სამხედრო ტექნიკა აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად ნოვო-სელოდან ერთ-ერთ ბულგარულ პორტში შევა, შემდეგ მას ზღვით საქართველოში გადმოაგზავნიან.
Agile Spirit 2016-ის მიზანია ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება ნატოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო უნარების ასამაღლებლად.
წვრთნები Agile Spirit ყოველწლიურად ტარდება 2011 წლიდან. გასულ წელს ის ივლისში ვაზიანის პოლიგონზე ჩატარდა.