არჩევნებში „გირჩის“ გარეშე მონაწილეობის მისაღებად ბურჭულაძის ბლოკმა ცესკოს მიმართა

გამოწერა
ის, რომ ახალმა პოლიტიკურმა ბლოკმა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“, რომლის შემადგენლობაში ოთხი პარტია შედის, ცესკოს „ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის“ გარეშე მიმართა, გაერთიანებაში არა განხეთქილებას, არამედ ფინანსურ საკითხს უკავშირდება.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ქართველი საოპერო მომღერლისა და მეცენატის პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურმა ბლოკმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) საპარლამენტო არჩევნებში „ახალი პოლიტიკური ცენტრის — გირჩის“ გარეშე მონაწილეობისთვის მიმართა. „გირჩი“ ძირითადად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლებით არის დაკომპლექტებული.

მანამდე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში ადგილებისთვის ერთობლივად იბრძოლებენ მისი პარტია „მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“, „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“. თუმცა, როგორც ცესკოს ვებ-გვერდზეა მითითებული, საარჩევნო ადმინისტრაციას 26 აგვისტოს ყველა ზემოაღნიშნულმა პარტიამ მიმართა, გარდა „გირჩისა“.

ახალი პოლიტიკური გაერთიანება - Sputnik საქართველო
სააკაშვილის თანამებრძოლები და პაატა ბურჭულაძე გაერთიანდნენ

„ეს გადაწყვეტილება შიდაპარტიული შეთანხმების ნაწილია, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ არა მხოლოდ საპარლამენტო და საპრეზიდენტო, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნებისას ეს ბლოკი წარმოდგენილი იყოს უფრო ძლიერად, ვიდრე დღესაა. ეს დაკავშირებულია ტექნიკურ საკითხებთან, ისეთთან, როგორიცაა, მაგალითად, წარმომადგენლების რაოდენობა საარჩევნო კომისიებში და ა.შ… რაც უფრო მეტი სუბიექტია ბლოკში, მით ნაკლებია დაფინანსება და, შესაბამისად, არის წარმომადგენლის გარეშე დარჩენის შანსი“, — განაცხადა პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.

ცესკო - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სია

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ ახლადჩამოყალიბებული ბლოკი არჩევნებზე ცვლილებების გარეშე მიდის.

„ბლოკი ოთხი პარტიისგან შედგება და დარწმუნდებით ამაში, როდესაც პროპორციულ და მაჟორიტარულ სიებს წარვადგენთ. შეშფოთება საჭირო არაა, რადგან ამაში არანაირი პოლიტიკური განხეთქილება არ არის“, — განუცხადა ჟურნალისტებს კაციტაძემ.

ბლოკის ხელმძღვანელ პირებად მითითებული არიან პაატა ბურჭულაძე და გიორგი ვაშაძე, ხოლო წარმომადგენლებს შორის — დავით ჯანდიერი და ანა კობახიძე.

ყველა ახალი ამბავი
0