თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. გლაზგოს (შოტლანდია) აეროპორტის პოლიციამ ავიაკომპანია United Airlines-ის ორი მთვრალი პილოტი დააკავა, რომლებიც აშშ-ში გასაფრენად გამზადებულ ხომალდში ასვლას ცდილობდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ „დეილი რექორდზე“ დაყრდნობით.
სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც აეროპორტის ხელმძღვანელობას შეატყობინეს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პილოტები გაფრენისწინა შემოწმების გავლას ცდილობდნენ.
„შოტლანდიის პოლიციის სახელით გიდასტურებთ, რომ 35 და 45 წლის ორი მამაკაცი ნამდვილად არის დაკავებული პოლიციის სამმართველოში იმის გამო, რომ ტრანსპორტის უსაფრთხოების ნორმებს არღვევდნენ“, — განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.
როგორც მოსალოდნელია, დაკავებულები ქალაქ პეისლის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.
თავის მხრივ, United Airlines-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ორივე პილოტი ჩამოშორებულია საქმიანობას, ხოლო ავიაკომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს.
მომხდარის გამო თვითმფრინავი აშშ-ში ათი საათის დაგვიანებით გაფრინდა.