თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. თელ–ავივის აეროპორტში დაკავებული საქართველოს 26 მოქალაქიდან ნაწილი სპეციალური რეისით უკან დააბრუნეს, იუწყება ტელეკომმპანია „რუსთავი2“.
ტელეარხის მონაცემებით, „მგზავრები ისრაელის იზოლატორში გატარებულ საათებს იხსენებენ და გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ“. „მათი მტკიცებით, ისინი ტურისტული ვიზით გაემგზავრნენ და ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ. მგზავრების განმარტებით, მათ არავინ აუხსნა დაკავების მიზეზი და დეპორტაციის მოტივი მათთვის ამ დრომდე უცნობია“, – აცხადებს ტელეკომპანია.
ტელეკომპანია ასევე იუწყება, რომ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მოქალაქეები ხელისუფლებას მიმართავენ და ისრაელის ხელისუფლებასთან მსგავსი საკითხების დარეგულირებას სთხოვენ.
ისრაელში დარჩენილი მგზავრთა ნაწილი საქართველოში კვირას დაბრუნდება.