თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რიგით მე-14 სიმღერის საბავშვო კონკურს „ევროვიზია 2016“-ში მონაწილეობაზე ეროვნული შესარჩევი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ცხრიდან თოთხმეტ წლამდე სოლისტებს. კანდიდატებმა უნდა წარადგინონ სპეციალურად „ევროვიზიისთვის“ შექმნილი სიმღერა, ავტობიოგრაფია და ფოტოები.
განაცხადი მიიღება ელექტონული ფოსტის მისამართზე junioreurovision@gpb.ge, ან საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართზე — კოსტავას ქუჩა, 68. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 25 სექტემბერი.
საბავშვო „ევროვიზია 2016“-ის (Junior Eurovision Song Contest 2016) ფინალი 2016 წლის 20 ნოემბერს მალტაში გაიმართება, რომელიც კონკურსს უკვე მეორედ მასპინძლობს (პირველად — 2014 წელს).
კონკურსის ორგანიზატორები წელს 18 ქვეყნის წარმომადგენლებს ელოდებიან. ამ დროისთვის მონაწილეობა 15-მა ქვეყანამ დაადასტურა.
წელს კონკურსზე გარკვეული სიახლეებიც არის. ცვლილებები გავრცელდა მონაწილეთა ასაკობრივ შეზღუდვაზე. თუ მანამდე ბავშვების ასაკი 10-დან 15 წლამდე იყო, ახლა 9-დან 14 წლამდე იქნება.
გარდა ამისა, 2016 წლიდან კონკურსი გაიმართება არა გვიან საღამოს, არამედ დღისით. ასეთი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ გვიანი დრო საბავშვო კონკურსს არ შეესაბამება. ამგვარად, კონკურსის ტრანსლაცია დაახლოებით 16:00-დან 18:00 საათამდე დაიწყება.
გასულ წელს საქართველო კონკურსზე კვარტეტმა The Virus წარადგინა. მან მეათე ადგილი დაიკავა.
ქართულმა მუსიკალურმა ანსამბლებმა ევროვიზიის კონკურსზე ორჯერ გაიმარჯვეს. საქართველო კონკურს Junior Eurovision-ში მეათე წელია, ზედიზედ მონაწილეობს.