თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ლენტეხში წლის ბოლომდე ახალი საავადმყოფო გაიხსნება, რომლის მშენებლობაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ხუთშაბათს სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს პრემიერი-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გაეცნო.
კლინიკაში ძირითადად ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი დასაქმდება, რომელთაც უკვე ჩაუტარდათ ტრენინგები და კლინიკის ამოქმედებამდე თითოეული მათგანი გაივლის სპეციალურ გადამზადებას.
საავადმყოფო მოსახლეობას ყველა სახის გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს, მათ შორის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში — ლენტეხის კლინიკა ჩართულია ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრამით მოსარგებლე ლენტეხელებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ მიიღონ როგორც გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული, ასევე სხვადასხვა პროფილის სტაციონარული მომსახურება.