თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ცხრა ქვეყნის სპორტსმენები პრომოუტერული კომპანია Fight Nights-ის მიერ ორგანიზებულ შერეული ორთაბრძოლების ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. შოუ 27 აგვისტოს ურეკში, Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
ბრძოლა წესების გარეშე 19:00 საათზე დაიწყება.
შოუში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები საქართველოდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, მოლდოვიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, საბერძნეთიდან, ავსტრიიდან და ირანიდან. საღამოს მთავარ ორთაბრძოლებში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი პაატა რობაქიძე, სომეხი დავით ხაჩატურიანი და სხვები.
სპორტული ორთაბრძოლების გარდა, ორგანიზატორებმა მაყურებლისთვის სიურპრიზებიც მოამზადეს. შოუს ფარგლებში გამოვა ქართული ცნობილი როკ-ჯგუფი „მძიმე ჯვარი“.
შოუს მუსიკალურ ნაწილზე პასუხისმგებელი იქნება კომპანია „სანო სტუდიო“, რომლის დამფუძნებელია ცნობილი ქართველი პერკუსიონისტი მერაბ სანოძე.
„მიმაჩნია, რომ ასეთი ტურნირები აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ის სანახაობრივია და მაყურებელს სწორედ ეს მოსწონს. მიხარია, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში იმართება. რით ვართ სხვა ქვეყნებზე ნაკლები?“, — აღნიშნა სანოძემ.
„ჩვენ, ფაქტობრივად, დავამთავრეთ შოუზე მუშაობა. მხოლოდ პატარა ნიუანსები დარჩა, რომელსაც მუშაობის დროს გადავწყვეტთ“, — განაცხადა Fight Nights Georgia-ს პრეზიდენტმა ზურაბ ბოქოლიშვილმა.
შერეული ორთაბრძოლები, რომლებიც Fight Nights-ის ეგიდით ტარდება, ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში და პირდაპირი ტრანსლაციებისას ერთ მილიონამდე მაყურებელს უყრის თავს.
Fight Nights-ის ტურნირების წესები შერეულ ორთაბრძოლებში რუსეთში მიღებულ წესებს ეფუძნება. ამერიკული წესებისგან ის იმით განსხვავდება, რომ აკრძალულია იდაყვებით დარტყმა.
ორთაბრძოლები ხუთ-ხუთ წუთიან ორ ან სამ რაუნდად გრძელდება — სტატუსიდან გამომდინარე. რაც შეეხება მთავარ ბრძოლას, ის ყოველთვის სამრაუნდიანია.
Sputnik-ი ღონისძიების საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია.