თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ევროპის ლიგის პლეი ოფში ბერძნულ პაოკ-თან მარცხის შემდეგ,თბილისის "დინამოს" სლოვაკი მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
იურაი იარაბეკის ნაცვლად თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად იმუშავებს ლევან გვანცელაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც "დინამოს" 15-წლამდელთა გუნდმა ცოტა ხნის წინ ბელორუსში იური კურნენინის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ამის შესახებ ქართული მედია იტყობინება.
იარაბეკის თბილისის "დინამოსთან" განშორების მიზეზი ევროთასებზე გუნდის წარუმატებელი გამოსვლა გახდა. საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერევნის "ალაშკერტს" სძლია, შემდეგ კი ჯერ ზაგრების "დინამოსთან" წააგო (0:2, 0:1), ევროპალიგის პლეი ოფში კი ბერძნულ პაოკ-თან ორრაუნდიან ბრძოლაში, ჯამში 0:5 დამარცხდა.
53 წლის სლოვაკმა სპეციალისტმა თბილისის "დინამო" იანვრის ბოლოს, მას შემდეგ ჩაიბარა, რაც გუნდიდან გია გეგუჩაძე წავიდა. იარაბეკმა 2015/16 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოიპოვა.