თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ქუთაისის მერიის შენობასთან უკვე მეორე დღეა ხუთშვილიანი ნანა დეისაძე შიმშილობს. ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვს. მან ბინა დაკარგა, რადგან იპოთეკური სესხის გადახდა ვერ შეძლო, აღნიშნულია ქუთაისის მერიის განცხადებაში, რომელიც განთავსებულია მერიის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
დეისაძის განცხადებით, კრედიტორებმა მისი ბინა გაყიდეს და სახლიდან გამოასახლეს. ის საქმის გამოძიებას ითხოვს.
მერია მზადაა, დეისაძეების მშობლებს ერთდროული დახმარება აღმოუჩინოს. თუმცა, მრავალშვილიანი ქალის დახმარების უფლება მათ არა აქვთ, რადგან ის დარეგისტრირებულია ბათუმში, სადაც სოციალურ დახმარებას იღებს.
„გვინდა ავღნიშნოთ,რომ მრავალშვილიანი დედის საკითხი არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური პარტიების სპეკულირების თემა. მითუმეტეს, რომ მერიის კომპეტენციას სცდება იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემის სამართლებრივი გამოძიება", — ნათქვამია განცხადებაში.
ქუთაისის მერიაში ასევე აღნიშნეს, რომ 2017 წლისთვის მერია სოციალურ საცხოვრისს გახსნის, სადაც 50 უსახლკარო ოჯახი განთავსდება.
ამავე დროს, ჯანმრთელობის სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ განუცხადეს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში მხოლოდ ბავშვების დახმარება შეუძლიათ ბავშვების მიმღებ ოჯახში გადაყვანით, ხოლო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისა და იქ ოჯახის ყველა წევრის გადაყვანის სახსრები არა აქვს.
დეისაძემ ბავშვების მიმღებ ოჯახში გადაყვანაზე უარი განაცხადა. მცირეწლოვანი ბავშვები მეორე დღეა, ქუჩაში დედასთან ერთად იმყოფებიან.