თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საზღვარგარეთ მცხოვრებმა 50-მდე ქართველმა სტუდენტმა წარმატებით გაიარა სტაჟირება საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორში, იუწყება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სტუდენტებმა სტაჟირება პროგრამა „დიასპორული სტაჟირება 2016”-ის ფარგლებში გაიარეს.
პროგრამის დასრულების შემდეგ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში პროექტის მონაწილე სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა.
სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე შეხვდა პროექტის მონაწილეებს, მიულოცა პროფესიულ სფეროში სტაჟირების წარმატებით დასრულება და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. სერტიფიკატების გადაცემაში მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების“ ვიცე-თავმჯდომარე ანრი გუგეშაშვილი.
აღნიშნული პროექტი სპეციალურად შეიქმნა ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ იღებენ განათლებას. პროექტის ფარგლებში სტაჟირება 45-მა სტუდენტმა გაიარა სხვადასხვა სამინისტროში, თბილისის, ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების მერიათა სამსახურებში, თბილისის საკრებულოსა და „საქართველოს რკინიგზაში“.
პროექტის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობის სპეციფიკას, მათ წინაშე არსებულ გამოწევებსა და პრობლემათა გადაჭრის გზებს. სტაჟირების მონაწილე სტუდენტებისთვის ჩატარდა 10 საჯარო ლექცია, შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ ექპერტთან – მარკ ივანოვსკისთან, MDI & Associates-ის დამფუძნებელთან და ინვესტორთან Silicon Valley-დან.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან“ ერთად უკვე მეოთხე წელია წარმატებით ახორციელებს „დიასპორული სტაჟირების“ პროექტს.