თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის შესახებ SMS-შეტყობინების სახით არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო აბიტურიენტებს ბოდიში მოუხადა, აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
გუშინ აბიტურიენტებმა, რომლებმაც სპეციალურ ნომერზე პირადი კოდი გაგზავნეს, ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ ქულებთან ერთად მიიღეს შეტყობინება ჩარიცხვის შესახებ, რომელიც რეალურ შედეგებს არ შეესაბამება, ამან აბიტურიენტების აღშფოთება გამოიწვია.
ტექნიკური ხარვეზების გამო აბიტურიენტებმა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიიღეს.
ამჟამად აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა, ინფორმაცია მხოლოდ ქულების შესახებ მიიღონ, ხოლო გრანტებისა და ჩარიცხვის შესახებ მონაცემები 25 აგვისტოს გამოქვეყნდება. მანამდე მონაცემები რამდენჯერმე გადამოწმდება.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ბოდიშს უხდის აბიტურიენტებს სამუშაო პროცესში წარმოქმნილი გაუგებრობის გამო და აცნობებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები მონაცემების დამუშავების დასრულებთანავე, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს გამოქვეყნდება“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-22 ივლისს ჩატარდა, გამოცდებზე 38,5 ათასზე მეტი აბიტურიენტი გავიდა.