თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. სირიაში 21 წლის პანკისელი, სოფელ დუმასთურის მცხოვრები სულთან გუმაშვილი დაიღუპა. ის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.
გუმაშვილი სირიაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, სადაც მამასთან ადამ გუმაშვილთან ერთად თურქეთიდან გადავიდა. მაშინ სულთანი 18 წლის იყო. მან სკოლის დამთავრებაც ვერ მოასწრო.
„ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გავიგე. დავრეკე სოფელში და ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ დამიდასტურეს“, — განაცხადა ახმეტის რაიონის გამგებელმა მათე ქავთარაშვილმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
უნდა აღინიშნოს, რომ სულთან გუმაშვილი პანკისის ხეობაში ცნობილი პოეტის სულეიმან გუმაშვილის შვილიშვილი იყო. სოფელში სულთანს დედა დარჩა.
ბოლო პერიოდში ეს პანკისის ხეობის მკვიდრის სირიაში დაღუპვის უკვე მეხუთე შემთხვევაა. ივნისში იქ დაიღუპნენ 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი და 39 წლის უმარ მარგოშვილი. ივლისში 26 წლის ბექხან (ბექა) ტოხოსაშვილისა და 34 წლის რუსლან ქავთაროვის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. 2012 წლის აგვისტოდან სირიაში საქართველოს 21 მკვიდრი დაიღუპა.
მათ შორის ყველაზე ცნობილი თარხან ბათირაშვილი იყო, რომლის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისთვის აშშ 5 მლნ დოლარს იხდიდა. ბათირაშვილი ივლისის დასაწყისში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.