თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. მიწისძვრამ იტალიაში სერიოზული ნგრევა გამოიწვია. ქალაქ ამატრიჩეში, იტალიის ცენტრალურ ნაწილში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ქალაქის მერის სერჟიო პიროცის (Sergio Pirozzi) განცხადებაზე დაყრდნობით.
მანამდე ევროპის სეისმოლოგიურმა ცენტრმა (EMSC) გაავრცელა ცნობა, რომ 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა იტალიის ცენტრალურ ნაწილში. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,2 ბალი შეადგინა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ არ შემოსულა.
„ქალაქისკენ მომავალი და მისგან გამავალი გზები ბლოკირებულია. ქალაქის ნახევარი გაქრა. ხალხი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი… მოხდა მეწყერი და, შესაძლოა, ხიდის ნგრევა“, — ციტირებს სააგენტო ქალაქის მერს, რომელმაც განცხადება სახელმწიფო ტელეარხი RAI-ს ეთერში გააკეთა.
პირველი მიწისქვეშა ბიძგი 6,0 მაგნიტუდით, სეისმოლოგთა განცხადებით, ადგილობრივი დროით 3:36 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ აკუმოლისთან იყო რიეტის პროვინციაში (ლაციოს რეგიონი), მიწის ზედაპირიდან 4 კმ-ის სიღრმეში. ლაციოს მერის ნიკოლა ძინგარელის ინფორმაციით, ქალაქში სერიოზული დაზიანებებია.
მეორე ბიძგი მაგნიტუდით 5.4 ბალი 4:35 საათზე უმბრიას ოლქში მოხდა. მიწისზედა ბიძგები იგრძნობოდა ცენტრალური იტალიის ქალაქებში, მათ შორის რომსა და ბოლონიაში. არსებული მონაცემებით, ნგრევა, სულ მცირე, სამ პროვინციაში დაფიქსირდა — ასკოლი პიჩენო, ფერმო და მაცერატა. ამ დროისათვის დადასტურდა ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ ქალაქ არკუატა-დელ-ტრონტოში.