თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც უბლოკო სტატუსის მომხრე საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი უნდა განხილულიყო, ქვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა.
საკომიტეტო მოსმენა ამ საკითხზე უკვე მეორედ ჩაიშალა. პირველი სხდომა 20 აგვისტოს იყო ჩანიშნული. აგვისტოს შუა რიცხვებში საინიციატივო ჯგუფმა პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით, პარლამენტში განცხადება შეიტანა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის მიზნით, ხელმოწერების დაწყების განზრახვაზე. უბლოკო სტატუსი გულისხმობს ქვეყნის უარს ნებისმიერ სამხედრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე.
„მე პირველ რიგში ამას ვუკავშირებ იმას, რომ ეხლა საპარლამენტო არდადეგებია, ამასთან საარჩევნო კამპანია და დეპუტატები აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში“, — თქვა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი კახიანმა.
კახიანის თქმით, კომიტეტის შემდეგი სხდომა საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ, სექტემბრის დასაწყისში შედგება. პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი თვლის, რომ საკომიტეტო მოსმენების ჩაშლას „პოლიტიკური კონტექსტი“ აქვს.
„პარლამენტის კომიტეტის წევრი დეპუტატები ისტერიულ და პანიკური შიშში არიან უბლოკო სტატუსის იდეის გამო. ეს საკითხი ძალიან აქტუალურია საზოგადოებაში და ისინი აბსოლუტურად გაუგებარი, არაადექვატური მექანიზმებით ცდილობენ ხელი შეუშალონ იმას, რომ უბრალოდ მოგვცენ ბლანკი, რათა დავიწყოთ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება“, — უთხრა ახვლედიანმა ჟურნალისტებს.
ამავე დროს, ბურჯანაძის ინიციატივის პასუხად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეტანილ იქნას ცვლილება კონსტიტუციის პრეამბულაში და დეკლარირებულ იქნას ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. უსუფაშვილმა უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ცვლილებების ინიცირებისათვის.