თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის გააქტიურების პერიოდში დარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
18 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გამოვლინდა: პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 4, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 3, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 4, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 8, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, სიძულვილის ენის გამოყენების 4, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტის ცვლილებების 7, საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის 3 ფაქტი.
„როგორც ზოგადი ტენდენცია, გამოვლინდა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ამ არჩევნებზე. ამ ეტაპზე შესაბამისი სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება ასეთ ფაქტებზე არ ყოფილა, რაც, გარკვეულწილად, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტების წამახალისებელია“, — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინონ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე, რადგან ეს ყველაზე მეტად აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს.
საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციის დამკვირვებლები მთელი საქართველოს მასშტაბით დააკვირდნენ საარჩევნო სუბიექტების მიერ ჩატარებულ 114 შეხვედრას. ეს ანგარიში ISFED-ს მეორე შუალედური ანგარიშია.
ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და დემოკრატიის მხარდაჭერის ფონდის (NED) მხარდაჭერით 1 ივლისიდან ახორციელებს.