თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ქალაქ რუსთავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის არსენ კასაშვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
კასაშვილის მტკიცებით, მმართველი პარტიის მომხრეები მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ის შინ ბრუნდებოდა. ოპოზიციონერის თქმით, ერთ-ერთ თავდამსხმელში მან სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის გიორგი ბეგაძის ახლო ნათესავი ამოიცნო.
„[მითხრეს], დაანებე „ნაციონალურ მოძრაობას“ თავი, თორემ ხვალ უარესად მოგხვდებაო“, — განაცხადა კასაშვილმა „იმედის“ კორესპონდენტთან საუბრისას.
კასაშვილმა უკვე მისცა ჩვენება პოლიციას.
რაც შეეხება გიორგი ბეგაძეს, ის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ინციდენტთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ეს აბსოლუტური ცილისწამებაა და ეს არის ძალიან ცუდი, რომ ასეთი ხერხებით ცდილობენ ოპონენტები ჩემი სახელის დისკრედიტაციას. ყველა ადამიანმა იცის, რომ მე ვემიჯნები ძალადობას“, — განაცხადა ბეგაძემ ტელეეთერში სატელეფონო ჩართვისას.
საქმე „ცემის“ მუხლითაა აღძრული.