თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს-მ დედოფლისწყაროში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ინციდენტი წუხელ მოხდა. უცნობმა პირებმა შენობას ქვები ესროლეს და პარტიის ბანერი საღებავით გააფუჭეს.
„გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით — „ნივთის დაზიანება ან განადგურება“. ამ ეტაპზე საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება“, — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
პარტიის წარმომადგენლები მომხდარში ქვეყნის ხელისუფლებას სდებენ ბრალს. როგორც ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავისი წინამორბედის ირაკლი ღარიბაშვილის ხაზს წარმატებით აგრძელებს.
„ასეთი ფაქტები მხოლოდ გვაძლიერებს და ჩვენს საბრძოლო სულს აძლიერებს… გპირდებით, ეს ყველაფერი — ხალხის დაშინება, ტერორი 8 ოქტომბერს დასრულდება“, — დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე ბეჟაშვილმა.
ეს პარტიის ოფისზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა. ოფისებს თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში მანამდეც დაესხნენ თავს.