თბილისი, 21 აგვისტო— Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება სს "კავკასიის განვითარების ბანკი — საქართველო" — ში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
“კავკასიის განვითარების ბანკი — საქართველო", რომლის აქტივები საქართველოს მთლიანი საბანკო აქტივების 0.14 %-ს შეადგენს, განაგრძობს კლიენტების მომსახურებას, იუწყებიან საქართველოს ეროვნულ ბანკში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკის კაპიტალისა და ლიკვიდობის დონე საკმაოდ მაღალია და საჭიროების შემთხვევაში დროებითი ადმინისტრაცია მზად არის სრულად დააკმაყოფილოს კრედიტორების, მათ შორის, დეპოზიტართა მოთხოვნები.
დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გამოწვეულია არა საქართველოში მოქმედი ბანკის პრობლემებით, არამედ აზერბაიჯანში, სათაო ბანკის გარშემო განვითარებული პროცესებით.
„ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ საქართველოს საფინანსო სფერო ჯანსაღია, რეგულირდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და ეროვნული ბანკის ყველა გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდდამხოლოდ სექტორის სტაბილურ და მდგრად განვითარებას“,-ნათქვამია განცხადებაში.
სს "კავკასიის განვითარების ბანკი — საქართველო" თბილისში 2013 წელს დაფუძნდა. ის არის აზერბაიჯანული სს "კავკასიის განვითარების ბანკის“ წარმომადგენელი და 1999 წელს შექმნილი თბილისის ფილიალის სამართალმემკვიდრე.
ბანკის ერთადერთი აქციონერი აზერბაიჯანში არის სს "კავკასიის განვითარების ბანკი — აზერბაიჯანი“.
ბაქოს ნომერ 1 ადმინისტრაციულ-ეკონომიკურმა სასამართლომ ახლახან გამოაცხადა კავკასიის განვითარების ბანკისა და Atrabank-ის გაკოტრების შესახებ და ანაბრების დაზღვევის აზერბაიჯანის ფონდი (ADIF) ლიკვიდატორად დანიშნა, იუწყება Sputnik აზერბაიჯანი.
აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა 2016 წლის იანვარში კავკასიის განვითარების ბანკს და Atrabank-ს ლიცენზიები ჩამოართვა და მიმართა სასამართლოს მათი გაკოტრების გამოცხადების თაობაზე.
ორივე ბანკის ხელმძღვანელობამ გადადგა ნაბიჯები მათ კონსოლიდაციასა და ერთ ბანკად შეერთების კუთხით, თუმცა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.