თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ვარკეთილის რაიონში, ე.წ. „დამპალოს“ სასაფლაოს ტერიტორიასთან, წიწვოვანი ხეების განზრახ დაზიანების ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეტყობინება გუშინ საღამოს შევიდა. მოქალაქეების განცხადებით, დაუდგენელმა პირებმა წიწვოვანი ნარგავები გახმობის მიზნით სპეციალურად დააზიანეს. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 14 წიწვოვან ხე-მცენარეს 100-150 კვადრატულ სანტიმეტრ ფართობზე შემოცლილი აქვს ქერქი.
ამ დროისათვის, სპეციალისტების მიერ საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიამ ხე-მცენარეების განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიაწოდა. გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური დაადგენს.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ზიანის თანხა შეადგენს ან გადააჭარბებს 1000 ლარს, დადგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
როგორც ცნობილია, თბილისში ხეების უკანონო ჩეხვის გამო მოქალაქეთა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, თბილისის მერმა ორი დღის წინ დედაქალაქში ხეების მოჭრაზე ათდღიანი მორატორიუმი გამოაცხადა.