თბილისი, 21 აგვისტო— Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა წარსულში ორჯერ ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული სეით ს. 2015 წლის 28 ნოემბერს ჩადენილი ზაალ მ. ოჯახის დაყაჩაღების გამო დააკავეს, ნათქვამია უწყების ოფიციალურ გვერდზე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებული სეით ს. ორ თანამზრახველთან ერთად ჩოხატაურში, ზაალ მ.-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. ოჯახის წევრებს მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ფული და ძვირფასეულობა გამოსძალეს. ამის შემდეგ ბოროტმოქმედებმა ზაალ მ.-ს კუთვნილი ავტომანქანა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ გატაცებულ ავტომანქანას შემთხვევიდან მეორე დღეს სამტრედიაში მიაკვლია.
სამართალდამცველებმა სეით ს. ქუთაისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ქუთაისში დააკავეს.მისი თანამზრახველების დაკავების მიზნით შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 179-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს „ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას, ბინაში უკანონო შეღწევას“. ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.