ვორონეჟელი ტურისტი, რომელიც საქართველოში ავტოავარიაში მოყვა, გონზე მოვიდა

გამოწერა
შაბათ დილამდე ნინა შუკოვა უგონოდ იმყოფებოდა და ექიმები მის მდგომარეობას აფასებდნენ, როგორც სტაბილურად მძიმეს. ავარია 14 აგვისტოს გუდაურთან მოხდა.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik.  ვორონეჟელი ნინა შუკოვა, რომელიც გუდაურთან მომხდარი ავტოავარიისას მძიმედ დაშავდა, გონზე მოვიდა, განუცხადა Sputnik–ის კორესპონდენტს საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა დმიტრი კუსაკინმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 4 საათზე მოხდა. ტურისტების მიერ დაქირავებული ტაქსი გუდაურის მახლობლად მოსახვევში საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს დაეჯახა.  დაშავებულები თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს. 

ავარიის დროს მანქანაში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. მძიმედ დაშავდნენ დები — 30 წლის მაშა და 27 წლის ნინა, ხოლო რატნა მინაკოვასა და მის ქალიშვილს უმნიშვნელო დაზიანებები აქვთ. სწორედ მინაკოვამ მიმართა მომდევნო დღეს დახმარებისთვის რუსეთის ინტერესთა სექციას. 

ყველაზე მძიმედ ნინა დაშავდა, მას ქალა-ტვინის ტრამვა, სახის და სხეულის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები აქვს. ის შაბათ დილამდე უგონო მდგომარეობაში იყო. 

ავტოტრასა - Sputnik საქართველო
ოთხი ვორონეჟელი ტურისტი საქართველოში ავტოავარიაში მოყვა

უნდა აღინიშნოს, რომ თბილისელები გოგონების ბედით გულგრილი არ დარჩენილან. ოჯახი ერთმა მოქალაქემ შეიფარა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მან თავისი ბინა ვერაზე დაშავებულებს უანგაროდ დაუთმო.

„ვისაც დახმარების სურვილი აქვს, დების შესახებ ინფორმაციის წაკითხვა შეეძლოთ „ფეისბუქში“ ჯგუფ RUSCONSULTBILISI–ში, სადაც მითითებულია ანგარიშის ნომერი,რომელზეც რუსეთის მოქალაქეებისთვის თანხის გადარიცხვა შეიძლება“, – განაცხადა საკონსულო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

თუმცა, რუსეთის ინტერესების სექციას ფრიად მოკრძალებული შესაძლებლობები აქვს ამგვარ ვითარებაში დახმარებისთვის. რუსი დიპლომატები ყველაფერს აკეთებენ, რაც მათი შესაძლებლობების ფარგლებშია. რეგულარულად ნახულობენ გოგონებს საავადმყოფოში (მათ მდგომარეობას აკონტროლებს ინტერესთა სექციის ექიმი), დახვდნენ გოგონების დედას თბილისის აეროპორტში და მიიყვანეს საავადმყოფოში და ა. შ. 

საქმე ისაა, რომ გოგონებს სამოგზაურო დაზღვევა არ შეუძენიათ და, მათი თქმით, ვინაიდან გოგონების მშობლებიც პენსიონერები არიან, გაუჭირდებათ სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება. ავარიაში დამნაშავე მძღოლის ნათესავებმა მხოლოდ მაშას ოპერაციისა და მისი საავადმყოფოს ხარჯები აანაზღაურეს.

კუსაკინმა აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემაა ის, რომ ადამიანები სამედიცინო დაზღვევის გარეშე მოგზაურობენ და ეს მასობრივი ხასიათის გახდა.

საქმეს საქართველოს შსს იძიებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0