თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ინტერესმა ოლიმპიური თამაშებისადმი, რომელიც რიო–დე–ჟანეიროში 5 აგვისტოდან მიმდინარეობს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ტომას ბახმა, იუწყება „Р-Спорт“.
ოლიმპიური თამაშები 21 აგვისტოს დასრულდება.
„ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ თამაშებისადმი ინტერესმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. ეს თამაშები ისტორიის განმავლობაში ინტერნეტში ყველაზე მოთხოვნადია. რიოში ძალიან ბევრი ჟურნალისტი მუშაობს, მასმედიაში ოლიმპიადისადმი მიძღვნილი მრავალი მასალაა, ხოლო სოციალურ ქსელებში – რეკორდული ტრაფიკები“, – განაცხადა ბახმა პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა პროგრამის „ოლიმპიური სოლიდარობა“ მნიშვნელობა.
„მინდა გადავიდე ოლიმპიური სოლიდარობის თემაზე. სპორტსმენებმა, რომლებიც ამ პროგრამით მონაწილეობდნენ, 80–ზე მეტი მედალი მიიღეს, ჩვენი პროგრამა ნამდვილად ეხმარება განვითარებად ქვეყნებს. რვა ეროვნულ კომიტეტს ამიერიდან თამაშების პირველი ოქროს მედლებით შეუძლია იამაყოს“, – დასძინა ბახმა.
„ოლიმპიური სოლიდარობა“ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პროგრამაა, რომელიც სხვადასხვა სახით ეხმარება ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს. მათ შორისაა: ტრენერების საერთაშორისო კურსები იმ მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რომლებიც ოლიმპიადის მონაწილეებს ამზადებენ, სტიპენდიები მწვრთნელებისა და ათლეტებისთვის, საჭირო სპორტული ინვენტარის მიწოდება და სხვა.