თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. მაშველები სვანეთის მთებში ორ პოლონელ ტურისტს დროულად დაეხმარნენ. ერთ-ერთი ტურისტი, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, მრავლობითი მოტეხილობების გამო, გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა, ნათქვამია საქართველოს შსს–ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ტურისტები მესტიაში, შხარას მთაზე, 3 ათას მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდნენ.
სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა. ტურისტების დასახმარებლად თბილისიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფიც გაემგზავრა. ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
დაშავებული ტურისტი თბილისის ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.