ზოოპარკში ისევ მატებაა — თებროს და ყარამანს ჩოჩორი გაუჩნდათ

© FB/თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zooთბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი ჩოჩორი
თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი ჩოჩორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისეთი ჩოჩორი გაგვიჩნდა, ისეთი, უნებურად დაფიქრდება ადამიანი, რატომაა „ვირიშვილი“ სალანძღავი სიტყვა...

20 აგვისტო, თბილისი — Sputnik. დედაქალაქის ზოოპარკში თებროსა და ყარამანის სიყვარულის ნაყოფი გაჩნდა, პატარა ჩოჩორი, იუწყება თბილისის ზოოლოგიური ბაღის პრესსამსახური.

„ისეთი ჩოჩორი გაგვიჩნდა, ისეთი, უნებურად დაფიქრდება ადამიანი, რატომაა „ვირიშვილი“ სალანძღავი სიტყვა“, — წერია ზოოპარკის ფეისბუქგვერდზე.

ზოოპარკის პრესსამსახური ძალიან თბილ და სიყვარულით გაჯერებულ პოსტს უძღვნის ახალ ბინადარს — რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს — და მის მშობლებს,  თებროსა და ყარამანს და მკითხველს მათ ისტორიას ახსენებს.

ლომები თბილისის ზოოპარკში - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკში თეთრი ლომები დაიბადნენ

თებრო პოლიციას უპოვია გზაზე უპატრონოდ მიტოვებული და ზოოპარკში მიუყვანია. იქ კი მისთვის მოუვლიათ „დაახლოებით ისე, მაგდანამ რომ ლურჯა გამოზარდა“ და ისეთი „ლაზათიანი გოგო“ დაუყენებიათ, რომ ფილმებში გადაღებაც კი შეუთავაზებიათ. ასე რომ, თებროს სანჩო პანსას ვირის როლიც შეუსრულებია და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრშიც „შეუდგამს ჩლიქი“.

რაც შეეხება ყარამანს, როგორც ზოოპარკის პრესსამსახური წერს, ახალგაზრდობაში დიდი ჩხუბისთავი ყოფილა და „ბუნჩულა“ მარტორქა მანუელას მოსვენებას არ აძლევდა. ამიტომ ლამებთან გადაუსახლებიათ, რაც ყარამანს არ მოსწონებია.

„არიქა, ეს კახელი კაცი ამ გადამთიელ გაბურძგნულებთან ერთად მარტო რად დამტოვეთო,  მორთო სასოწარკვეთილი ყროყინი. იმდენი იყვირა, ბოლოს უმშვენიერესი, თვალებფახულა თებრო  შევუსახლეთ გამოსასწორებლად“,  — გვაცნობს ზოოპარკი თებროსა და ყარამანის „გაცნობის“ ისტორიას.

საბოლოოდ, ორი მარტოსული ვირის ამბავი კეთილად დასრულდა — ჩოჩორი შეეძინათ და ახლა საყოველთაო ყურადღების ცენტრში არიან.

„ჭირი იქა, ლხინი აქა, ფქვილიც აქ და ქატოც აქა, ვირების საკვებად გამოგვადგება“, — წერს ზოოპარკის პრესსამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0