ნოდარ მაისურაძე
— ბატონო რევაზ, როდის უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს ფეხბურთელი – 1991-წლამდე, ანუ სსრკ-ის დროს თუ შემდეგ?
— საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში 15 რესპუბლიკის საფეხბურთო გუნდები მონაწილეობდნენ, რომლებიც, თანამედროვე საზომით რომ გავზომოთ, ფაქტობრივად, რესპუბლიკების ნაკრებები იყო. აი, მაგალითად, კიევის „დინამოში“ უკრაინის საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ, თბილისის „დინამოში“ — საქართველოსი და ასე შემდეგ.
წელიწადში 11 თვის განმავლობაში ხან ტაშკენტში გვქონდა შეხვედრა, ხან ალმა-ატაში, ხან მოსკოვში. ისეთი სპორტული გარემო იყო შექმნილი, რომელიც პროფესიულად გვზრდიდა. თანაც მარტო ფეხბურთელებს კი არა, მწვრთნელებსაც და მსაჯებსაც.
— შეიძლება თუ არა პარალელის გავლება სსრკ-ის ჩემპიონატსა და ევროპის ჩემპიონატს შორის?
— კი, რა თქმა უნდა. ევროპა ახლა გადავიდა იმ ფორმატზე, რომელიც ჩვენ უკან მოვიტოვეთ. ჩვენში იყო კავშირის ჩემპიონატი, ახლა კი იმათ შექმნეს ევროპის ჩემპიონატი — უეფას ჩემპიონთა ლიგა მაქვს მხედველობაში.
თანაც, თუ შევადარებთ, საბჭოთა კავშირის პირველობა უფრო ძლიერი იყო. თითო გუნდს კვირაში ერთხელ უწევდა ძლიერ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა… სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ: სსრკ-ის დანგრევასთან ერთად ეს ყველაფერი დავკარგეთ. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, იმიტომ რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იჩენს თავს…
ჩვენ ბევრი დავკარგეთ და ახლა ვერაფრით ვეღარ ვეწევით ახალ ტენდენციებს. თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა – რა იყო მაშინ კარგი და რა გვიშლის ხელს დღეს, რომ ევროპისნაირები ვიყოთ.
— მაინც რა გვიშლის ხელს?
— ბევრი მიზეზი. ერთ-ერთია სპორტსმენის ცუდი ფიზიკური მომზადება, რითიც სახელგანთქმული იყო საბჭოთა ფეხბურთი და, საერთოდ, საბჭოთა სპორტი…
ახლა კი ეს ყველაფერი, რასაც დიდი მწვრთნელები ათობით წლების განმავლობაში აყალიბებდნენ, სრულიად გაქრა.
— რამდენად შეიცვალა 70-აინი წლებიდან დღემდე ფეხბურთი?
— ადრე ფეხბურთს ხელოვნებას ადარებდნენ, ახლა კი ამის სათქმელად ენა არ მოგიბრუნდება კაცს. ეს უფრო ბიზნესი და კომერციაა…
იცით, რატომ იყო მაშინ კარგი ფეხბურთი და რატომ გვაქვს დღეს ჩავარდნა? ყველაფერი მარტივია: იმიტომ რომ სსრკ იყო დიდი „დერჟავა“ და ჰქონდა კარგი სპორტი — დიდი მიღწევების სპორტი. და კიდევ კარგი ფეხბურთი.
— ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ საბჭოეთის დანგრევასთან ერთად პატრიოტიზმმა იკლო და წინ ფინანსურმა მხარემ წამოიწია?
— ჩემი აზრით, საბჭოთა ფეხბურთის რღვევა ბრეჟნევის შემდეგ დაიწყო. იმიტომ რომ მის დროს ფეხბურთის ფედერაციას ჯერ კიდევ მართავდა მკაცრი ხელი, როგორც ეს სტალინისა და ხრუშჩოვის დროს იყო.
იმ დროს რომ ვინმეზე ეთქვათ, მატჩი გაყიდაო, ხვდებით, რა მოხდებოდა?! მერე კი ფარული ტოტალიზატორები გაჩნდა.
— გინდათ თქვათ, რომ ამან დაღუპა საბჭოთა ფეხბურთი?
— იცით, ომს როგორ იგებენ? როგორ და აგენტების ჩანერგვით, რომლებიც ინფორმაციას აგროვებენ და მერე ამ ინფორმაციას შენ წინააღმდეგ იყენებენ. აქაც შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო. ვიღაც უყურებდა საბჭოთა ფეხბურთს და ფიქრობდა, რით გაეფუჭებინა ეს სპორტი. ჰო და, დიდფულიანი ხალხი შემოუსია და წამოვიდა შეთავაზებები: „შეგიძლია ფრედ დაამთავრო ეს თამაში?“ „შეგიძლია ამდენი და ამდენი გოლი გაუშვა?“ და ა.შ.
ეს შხამიანი გველის ნაკბენს ჰგავს, როცა სისხლი რამდენიმე წუთში იწამლება. შეიძლება ეს სასიკვდილო დოზა არ იყოს, მაგრამ ყველა ორგანოს აზიანებს და იწყება შეუქცევადი პროცესი, რომლის შეჩერებაც უკვე, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ოფიციალურად არსებული ტოტალიზატორები — ეს უკვე სულ სხვა ფეხბურთია. არ ვამბობ, რომ ისინი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ სპორტსმენი სპორტსმენად უნდა რჩებოდეს ნებისმიერ შემთხვევაში. თუ ხარ ძლიერი და თავდაჯერებული, მაშინ გაიმარჯვე, რატომ უნდა წააგო?
მეც შევსულვარ ტოტალიზატორში ევროპის ჩემპიონატის დროს და ხალხს ვაკვირდებოდი. სტადიონების ტრიბუნები იცით, რატომაა ცარიელი? იმიტომ რომ ტოტალიზატორებში ტელევიზორებში უკეთესად ჩანს ყველაფერი – თავისი გამეორებებითა და კომენტარებით. თანაც რამდენიმე მატჩს ერთდროულად შეგიძლია უყურო.
— არა და, თბილისის „დინამო“ თავის დროზე ათობით ათას გულშემატკივარს უყრიდა თავს სტადიონზე…
— დღეს კი ფეხბურთი მარტო სპორტი აღარაა, ეს უკვე დიდი პოლიტიკაცაა. შეუძლია თუ არა ფეხბურთს დღეს ასიათასიანი აუდიტორიის შეკრება? შეუძლია, მაგრამ ეს სახელმწიფოს პირველმა პირმა უნდა მოინდომოს.
როცა ქვეყნის მეთაური რაიმეს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, პროცესი ვითარდება და საბოლოოდ საქმე უბრალო გულშემატკივრამდე დადის, რომელსაც ლამაზი და ხარისხიანი ფეხბურთის ნახვა სურს.
— შარშან საქართველოში გერმანიის ნაკრები იყო ჩამოსული და ერთი გულშემატკივარი მუხლებზე დაეცა ბასტიან შვაინშტაიგერის წინ — ასე გამოხატა აღფრთოვანება. ასეთი რამ საბჭოეთის დროს თუ მოხდებოდა, ვთქვათ, პლატინის, როსის ან მარადონას მიმართ?
— ერთხელ თბილისში საბჭოთა ფეხბურთის ვეტერანები ჩამოვიდნენ. სპორტის სასახლეში ტევა არ იყო, პირთამდე გადაიჭედა ხალხით. როცა გამოაცხადეს, რომ ღონისძიებას ედუარდ სტრელცოვიც ესწრებოდა, აბსოლუტურად ყველა, მთელი დარბაზი, დიდიან-პატარიანად და ქალიან-კაციანად ფეხზე წამოდგა და ათი წუთის განმავლობაში უკრავდა ტაშს ამ დიდებულ ფეხბურთელს.
— მაგრამ სტრელცოვი ხომ „ჩვენიანი“ იყო?
— არა, მსოფლიოსი იყო, მთელ მსოფლიოს ეკუთვნოდა. უფლება რომ მქონოდა, პირველი მივიჭრებოდი სტრელცოვთან და ბუცებს დავუკოცნიდი, იმიტომ რომ ამ კაცმა ისე გაამდიდრა ჩემი, როგორც პროფესიონალი სპორტსმენის ფეხბურთიცა და ცხოვრებაც, რომ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი სისულელეც ჩამედინა…
მეტსაც გეტყვით – როცა „დინამოში“ მესხი თამაშობდა, გულშემატკივრები ზედმეტს იხდიდნენ, ოღონდ სტადიონის იმ ფლანგზე ეშოვათ ბილეთები, რომელზეც მიშა თამაშობდა. შესვენების შემდეგ კი საპირისპირო ტრიბუნაზე გადასვლას ცდილობდნენ.
მითხარით, განა ეს ფეხბურთელის მიმართ უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა არ არის?!
პრობლემა ის კი არ არის, გულშემატკივარი ასე რომ მოიქცა, პრობლემა ისაა, რომ ჩვენში ასე აღარ ხდება. რატომ აღარ გვყავს მიშა მესხი ან გივი ჩოხელი? იმიტომ რომ ამაში ახლა მხოლოდ პოლიტიკური კი არა ფინანსური ნიუანსებიცაა.
საქართველოში ყოველ წელიწადს იბადება ერთი დიდი ფეხბურთელი მაინც — ღმერთი გვიგზავნის. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაზრდი და სახელმწიფო როგორ მიიღებს. გგონიათ, რომ სტრელცოვები არ გვყავს? გვყავს, მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა საქართველოში, რომ ახალ „მიშა მესხს“ ფული არ აქვს, ფორმა რომ იყიდოს და, შესაძლოა, მშიერიც კი იყოს.
— თქვენ საქართველოს ნაკრებსაც წვრთნიდით, ლატვიისასაც და საუდის არაბეთშიც გიმუშავიათ…
— ბევრმა შეიძლება ისიც მკითხოს, რატომ არ ეხმარები ქართულ ფეხბურთს და რატომ არ გინდა ღირსეული ცვლა აღზარდოო. როგორ არა, მინდა კიდეც და შემიძლია კიდეც. უფრო მეტიც, ამას ფარულად ვაკეთებ. მთავრობაში მოკალათებულ ლიდერებს, ეტყობა, მიუფურთხებიათ იმისთვის, არიან თუ არა ფეხბურთში ჩართული ხურცილავა, ჩივაძე და ძოძუაშვილი.
მაინც არ მწყინს. ფეხბურთში ჩემი ადგილი მაქვს და ერთი დღეც არ გამიტარებია ფეხბურთის გარეშე…
ახალგაზრდები ჩემგან რაღაცებს სწავლობენ და ეს ძალიან მახარებს. ჩემი აღზრდილი ფეხბურთელები, სულ ცოტა, 32 წლამდე თამაშობენ… ასე რომ, ძოძუაშვილი ჯერ კიდევ საჭიროა.
— ეს ძველი სკოლის გამოძახილია?
— ტომებით მილაგია ყველა იმ მწვრთნელის ჩანაწერები, რომლებთანაც მიმუშავია — იაკუშინისა და სხვებისაც. იცით, რას ამბობდა იაკუშინი? ვინც ახალს ივიწყებს, ცალ თვალს კარგავს და ვინც ძველს — ის ორსო.
არ შეიძლება აქ ახლად, ძველად და საშუალოდ დაყოფა. ყველაფერი ერთი მთლიანია, როგორც ესტაფეტა: იღებ სტარტს, გარბიხარ 100 მეტრს, გადასცემ სხვას და ასე მიდიხარ გამარჯვებამდე. თავის დროზე მე ეს ესტაფეტა გივი ჩოხელმა გადმომცა, მე ჩივაძეს გადავეცი და ასე უნდა გაგრძელდეს. ამ ჯაჭვის გაწყვეტა არაფერ კარგს არ მოიტანს.
— თანამედროვე მცველებს რატომ არ გამოსდით ისეთი „შიკით“ თამაში, როგორითაც თქვენი თაობის ფეხბურთელები თამაშობდნენ?
— აი (წიგნს იღებს და ჩოხელის, იაკუშინისა და კაჩალინის ძველ ფოტოებს მაჩვენებს), ესაა ორთაბრძოლა! ნახეთ, როგორ ვიბრძოდით თითოეული ბურთისთვის ჩვენ და როგორ იბრძვიან ახლა. აქ სამი დიდებული ადამიანის ფოტოა. შეხედეთ, როგორი სახეები აქვთ, როგორი გამომეტყველება თამაშისას. მთლიანად ეძლეოდნენ მატჩს, მინდორზე მთლიანად იხარჯებოდნენ, იმას კი არ ელოდებოდნენ, ბურთი როდის მიუგორდებოდათ, თვითონ მირბოდნენ ბურთთან.
ახლა კიდევ მცველები საჯარიმოს ან კუთხურის ჩამოწოდებისას დგანან და თუ ბურთი მიუვათ, მაშინღა გაახსენდებათ, რა უნდა გააკეთონ. მაგრამ დამნაშავეები ისინი არ არიან. მათ ასე ასწავლეს თამაში. აი, ნახეთ, როგორ კეტავს ძოძუაშვილი ჯორჯ ბესტს. სახეები ნახეთ. ხურცილავას შეხედეთ, რა გამომეტყველება აქვს, როცა ბურთს იღებს. გლადიატორებს ჰგვანან, თითქოს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდეთ გაჩაღებული…
— საბჭოთა კავშირში როგორ იყო დოპინგის საქმე?
— მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე 1970 წელს სამჯერ ამიღეს სისხლი დოპინგზე და კი არ მწყინდა, პირიქით, მიხაროდა: რახან მე მირჩევდნენ, ესე იგი, ბევრს დავრბოდი და კარგად ვთამაშობდი. თავში აზრადაც არ მომდიოდა, რომ ვინმე აკრძალულ პრეპარატს მიიღებდა…
ჩემი დოპინგი, იცით, რა იყო? ვიცოდი რომ 3 იანვარს ვარჯიში უნდა დამეწყო და იმ პირველი ვარჯიშისთვის ორი კვირით ადრე ვიწყებდი მომზადებას. ვიცოდი, რომ სეზონის ბოლომდე უნდა მეთამაშა „დინამოშიც“ და საკავშირო ნაკრებშიც და უფლება არ მქონდა, თუნდაც ერთი თამაში ჩამეგდო, თორემ ერთ დღეში ჩაესვენებოდა ჩემი ვარსკვლავი.
აი ეს იყო ჩემი დოპინგი, სხვა დოპინგს მე არ ვცნობ.